ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში საბერძნეთთან დაკავშირებული ვითარების გამო გაუქმდა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ევროპული საბჭოს პრეზინდეტის პრესსპიკერმა პრებენ აამანმა განუცხადა.
"თქვენ იცით, რომ საბერძნეთთან დაკავშირებით გაიმართა რამდენიმესაათიანი სამიტი. ახლა წინ კიდევ ბევრი შეხვედრა და მოლაპარაკებებია. ასე რომ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვიზიტი გაუქმდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პრებენ აამანმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, როდის შედგება დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი.
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში 14 ივლისს უნდა ჩამოსულიყო. ვიზიტის პირველ დღეს ბათუმში დაგეგმილი იყო შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან, 15 ივლისს კი, თბილისში შეხვედრები - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, დონალდ ტუსკი ხურვალეთში ჩასვლას და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავდა.