ევროკავშირის საგანგებო სამიტი დასრულებულია. ევროზონის ლიდერთა განცხადებით, საბერძნეთის კრიზისის გადაწყვეტასთან დაკავშირებული შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, მოლაპარაკებების დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ევროზონის ფინანსთა მინისტრების თავმჯდომარის, იერონ დისელბლოემის განცხადებით, შეთანხმების მიხედვით, საბერძნეთისთვის გამოიყოფა 50 მილიარდი ევრო, რომლიდანაც 25 მილიარდი საბერძნეთის ბანკებს მოხმარდება. ამასთანავე, სამიტის გადაწყვეტილება საბერძნეთის პარლამენტმა უმოკლეს დროში უნდა განიხილოს.
“საბერძნეთში სიტუაცია ძალიან დაძაბულია, საბერძნეთისვე ინტერესებში შედის ამ ნაბიჯების გადადგმა. ეჭვი არ მეპარება მიღებულ გეგმაში, კანონები უკვე მომზადებულია. ვფიქრობ, ნდობის აღდგენა შესაძლებელია”,- აცხადებს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი.
სამიტის დასრულების შემდეგ განცხადება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმაც გააკეთა.
“ჩვენ დაუნდობელი ბრძოლა გადავიტანეთ. შევხვდით რთულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ავიღეთ დიდი პასუხისმგებლობა იმისა, რომ შევასრულოთ ევროპის ყველაზე კონსერვატიული წრეების გადაწყვეტილებები. საბერძნეთი განაგრძობს ეკონომიკური აღმავლობისთვის ბრძოლას”,- აცხადებს ციპრასი.
ვროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა კი აღნიშნა, რომ საბერძნეთისგან ევროკავშირის დატოვება წარმოუდგენელია.