არავის ექნება უფლება მოსამართლეს მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე. შესაბამისი ჩანაწერი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის იმ ნაწილში კეთდება, რომელიც მოსამართლეთა დამოუკიდებლობას შეეხება.
მოქმედი კანონი დღეს ადგენს, რომ "მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე". "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით აღნიშნულ მუხლს ემატება ისიც, რომ "არავის აქვს უფლება, მიუთითოს მოსამართლეს, თუ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე".
ამავე ცვლილებებით, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო ვალდებული იქნება, ღია სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლად, სასამართლოს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს.
პარლამენტს უკვე წარედგინა მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სასამართლო სისტემაში მთელი რიგი ცვლილებების გატარებას ისახავს მიზნად.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 28 წევრით განისაზღვრება, ნაცვლად პლენუმის მიერ რაოდენობის განსაზღვრისა. უქმდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ასევე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების ინსტიტუტი. ახლებურად ყალიბდება სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეთა თანამდებობაზე გამწესების საკითხი - კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის ნაცვლად, მათ შესაბამისი სასამართლოების მოსამართლეები აირჩევენ. პროექტით, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კანონპროექტი მოსამართლეთა მივლინების საკითხებსაც ახლებურად აწესრიგებს. ასევე გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონსა და კიდევ სხვა ათ კანონში დაგეგმილი ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.