საუბარი ლოზუნგებით

საუბარი ლოზუნგებით "ლოზუნგის გარეშე" - "გასაკეთებელი კიდევ ბევრია"


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, 23 თებერვალს, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, 21 წლის იუნკერის, მაკარ ბურჭულაძის საფლავი მოინახულა და გვირგვინით შეამკო. სამებაში ბაქრაძეს ადგილობრივი ხელისუფლება, სოფლის რამდენიმე მკვიდრი და სკოლის მოსწავლეები დახვდნენ. საფლავზე სანთლების დანთების და მოსწავლეებთან რამდენიმეწუთიანი გასაუბრების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე, დაბა ჩოხატაურში გაემართა, სადაც მაკარ ბურჭულაძის სახელობის ქუჩა გახსნა:

- დღეს ჩოხატაურში გავხსენით იუნკერ მაკარ ბურჭულაძის სახელობის ქუჩა. ის ახალგაზრდა, 21 წლის ყმაწვილი იყო, რომელმაც თავისი ნიჭით და ცოდნით მოახერხა, სწავლა გაეგრძელებინა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე - ყველაზე პრესტიჟულ ფაკულტეტზე, მაგრამ როგორც კი საქართველოს დაემუქრა საფრთხე, როგორც კი საქართველოს თავისუფლება დადგა ეჭვის ქვეშ, მიატოვა მოსკოვი, მიატოვა სწავლა, ჩამოვიდა საქართველოში, აიღო ხელში იარაღი და გმირულად დაიღუპა თბილისის დაცვის დროს. იუნკერ ბურჭულაძის ისტორია სამშობლოსთვის თავდადებული ბრძოლის მაგალითია. მას არ დარჩა არც ოჯახი, არც შვილი, არც შთამომავლობა არც სახლი. ერთადერთი, რაც დაგვრჩა, არის მისი საფლავი და მისი სახელი. ამიტომ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, ასეთი ადამიანის სახელს მოვუფრთხილდეთ. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ დღეს მქონდა პატივი გამეხსნა მისი სახელობის ქუჩა ჩოხატაურში, - აღნიშნა ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საზეიმო გახსნის ცერემონიალის დასრულებისთანავე, დავით ბაქრაძე ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა. მოსახლეობას პირობითად, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეს ჩოხატაურში გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლების, სოფლის რწმუნებულების, არასამეწარმეო იურიდიული პირებსა და სხვა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების თითქმის სრული შემადგენლობა და პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები დახვდნენ. ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ქვეყნის მეორე პირთან შეკითხვა არავის გასჩენია.

დავით ბაქრაძემ ვრცლად ისაუბრა სამომავლო პროექტებზე, და აღნიშნა, რომ ამ მთავრობას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.

- ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო პატივი მიმეგო მაკარ ბურჭულაძისთვის, მაგრამ სადაც ჩავდივარ, ყოველთვის ვცდილობ, ხალხს შევხვდე. ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებ ადამიანი, როცა ხალხთან გაქვს ურთიერთობა. როცა თბილისში, კაბინეტში ხარ, ხშირად გგონია რომ რაღაც გაკეთდა, რაღაც მოწესრიგდა და მერე რომ ჩადიხარ ადგილზე და ხალხს ელაპარაკები, შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა აღმოაჩინო. ამიტომ, სულ ვცდილობთ ხოლმე, მეც, პრეზიდენტსაც ხედავთ, როცა საქართველოშია, სულ ჩადის რაიონებში, ხალხს ხვდება. ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ, რომ თქვენ იცოდეთ ჩვენ რას ვაპირებთ და ჩვენ გვქონდეს თქვენგან ინფორმაცია, რა ხდება და როგორ ხდება. მინდა გითხრათ, რომ გურიაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა. აქაც ვაკეთებთ, მაგრამ სხვაგან უფრო სწრაფად კეთდება და ეს ნაწილობრივ რელიეფის ბრალიც არის - უფრო ბევრია მთიანი და ძნელად მისადგომი სოფლები. მაგრამ გაზიფიკაცია, გზები, წყალი აქაც კეთდება და ბოლო წლებში, დამეთანხმებით, გაკეთდა ბევრი, მაგრამ უფრო მეტი არის გასაკეთებელი და ამას ლოზუნგს არ გეუბნებით _ მართლა მეტია გასაკეთებელი. ახლა ვიყავი სამებაში, გზაც გასაკეთებელია, გაზიც გასაყვანია და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. უბრალოდ, ყველაფერს ერთბაშად და ერთიანად ვერ ვასწრებთ. არც ფულია, რომ ერთბაშად გაკეთდეს, არც საშუალება და ნაწილ-ნაწილ ვცდილობთ. წელს აუცილებლად უნდა დამთავრდეს ქალაქების გაზიფიკაცია, რომ ეს პირველი ამოცანა დავამთავროთ, - აღნიშნა ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ჩოხატაურის წყალმომარაგების საკითხითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ წყალი ძვირიანი პროექტია:

- წყალი პრობლემატური საკითხია და აუცილებლად გაკეთდება ყველგან. ძალიან ძვირი ჯდება და ერთბაშად ვერ ვაკეთებთ. განსაკუთრებით, სადაც რელიეფის პრობლემაა. წყალი ძალიან ძვირიანი პროექტია, ამიტომ, დრო სჭირდება. როცა ვამბობ დაბაზე, ლანჩხუთსა და ოზურგეთზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოფლებში არ უნდა იყოს. ნელ-ნელა მივყვებით. ორ-სამ წელიწადში ეს პრობლემა ყველგან მოგვარდება, _ განაცხადა ბაქრაძემ მისი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წლის თავზე..

მანვე ვრცლად ისაუბრა სადაზღვევო პრობლემებზე და აღნიშნა, რომ წელს საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს სახელმწიფო დააზღვევს: - ბევრს გაწუხებთ, ალბათ, დაზღვევის საკითხი და მკურნალობის ფასი, რომელიც ძალიან ძვირია. სამწუხაროდ, ამის გაიაფების გზა არ არის, გარდა დაზღვევისა. წელს ყველა პენსიონერს აზღვევს სახელმწიფო. თუ სამოც წელზე მეტის არის ქალბატონი და მამაკაცები 65 წელზე ზემოთ, მნიშვნელობა არ აქვს, სად მუშაობდნენ და რას აკეთებდნენ, ისინი სახელმწიფოს ხარჯზე უფასოდ იქნებიან დაზღვეულები. ასევე, სკოლამდელი, 6-წლამდე ბავშვებიც სახელმწიფოს ხარჯზე იქნებიან დაზღვეულები. ამას დაემატება სოციალურად დაუცველები, პედაგოგები, პოლიცია, სამხედროები... ჯამში, ორ მილიონ ადამიანს ვაზღვევთ წელს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეორე იქნება სახელმწიფოს ხარჯზე დაზღვეული. გარდა ამისა, ახლა სადაზღვევო კომპანიებს ვითანხმებთ, რომ იგივე პაკეტის ყიდვა, ადამიანს 15 ლარად შეეძლოს. ახლა ინდივიდუალურად რომ მიხვიდეთ სადაზღვევოში, დაგიფასებენ 200 ლარს, რაც ძალიან ძვირია. ვიღაცა შეიძლება მუშაობს და ამიტომ, უფასო დაზღვევა არ აქვს, მაგრამ 200 ლარს ვერ გადაიხდის. 15 ლარი კი ის თანხაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება ხელფასიდან გადაიხადოს ჯანმრთელობისთვის. ესეც შეღავათია იმათთვის, ვისაც ვერ ვაზღვევთ. ვინც მუშაობს მუნიციპალიტეტში თუ გამგეობაში, იმას უფასოდ ვერ დავაზღვევთ ჯერჯერობით, მაგრამ იმის საშუალება იქნება, რომ იაფად დაეზღვიონ, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით ბაქრაძემ მედიაციის სამსახურზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს ორგანო ადამიანების საკუთარი ფულის მიღებაში დაეხმარება და სადაზღვევო კომპანიებთან შექმნილ ყველა პრობლემას მოუგვარებს. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალური მომსახურების სააგენტოს თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქულების მინიჭების პროცედურა, ამიერიდან უფრო გამარტივდება: - თუ რომელიღაც ოჯახს უჭირს და ვერ იღებს სოციალურ პოლისს, რწმუნებულებს, გამგეობებს, ექნებათ საშუალება, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და სამინისტრო დააკმაყოფილებს. ყოველთვის იყო ჩივილი - აგენტი მოვიდა, ძველი მანქანა მყავდა, ტელევიზორი მქონდა და ამიტომ ამომიღეს დაუცველების სიიდანო. ეს შეიცვლება და ამის დავალება უკვე გაცემულია. ეს დამოკიდებული იქნება არა ქონებაზე, არამედ შემოსავალზე, - თქვა დავით ბაქრაძემ.

საინტერესოა, ამ უკიდურესად მძიმე პრობლემის მოგვარებას, "დავალების გაცემის" მეტი თუ არაფერი სჭირდებოდა, რატომ ელოდებოდა ხელისუფლება საარჩევნო წელს და რატომ არის სოციალურად დაუცველი ათასობით ადამიანი დარჩენილი ისედაც მიზერული დახმარების გარეშე?!