"ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის კედელზე რამდენიმემეტრიანი ბანერი გამოაკრეს. ბანერზე გამოსახულია შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, მისი მოადგილე გიორგი თორთლაძე, გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და გორის ვიცე მერი ნუკრი ჯოხაძე. აღნიშნულ ბანერზე მოზრდილი ასოებით არის წარწერა: "ბიუჯეტის ქურდები".
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორუფციისა და ნეპოტიზმის კონკრეტულ ფაქტებთან, კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით გორში დღეს არაერთი განცხადება გაკეთდება.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გაემგზავრებიან იმ ობიექტებზე, რომლებზეც მშენებლობა დაწყებულია და ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ არ დაუსრულებია.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გეგმავენ გორის სასათბურე მეურნეობაში მისვლასაც. ამ სასათბურე მეურნეობის დირექტორი მერის პოსტის დაკავებამდე ზურაბ ჯირკველიშვილი იყო და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აღნიშნული ობიექტის გაკოტრებას სწორედ მერის ინტერესებს უკავშირებენ.
დღესვე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გაემგზავრებიან კონფლიქტის ზონაში, იმ ადგილას, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო ბანერი გადმოწიეს და იქაც გაკეთდება განცხადებები.