ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას. ასევე, დედაქალაქის მერს, მერიის სამსახურებს, ჟურნალისტებს და მოხალისეებს.
პრემიერ-მინისტრი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“, 13 ივნისის სტიქიის ამსახველი ფოტო გამოფენა გახსნა, სადაც ყველა უწყების, ყველა თანამშრომლის განსაკუთრებულ თავდადებაზე და ღვაწლზე ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სტიქიის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ერთ მუშტად შეკრული ქვეყანა და ის საქართველო, რომელიც ყველას ეამაყება.
„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პირნათლად ასრულებდა თავის მოქალაქეობრივ ვალს, სამსახურეობრივ მოვალეობას და ხალხს ეხმარებოდა პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას, დედაქალაქს ეხმარებოდა. პირველ რიგში, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სამაშველო სამსახურს. რომ არა ამ ბიჭების თავგანწირვა, მსხვერპლი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ მათ რიგებში გმირები მსახურობენ. მათ ათეულობით ჩვენი მოქალაქე გადაარჩინეს, წარმოუდგენელი რისკის ფასად. მათ არც უფიქრიათ საკუთარ სიცოცხლეზე. სამწუხაროდ, ჩვენ დაგვეღუპა ერთი მაშველი ზურაბ მუზაშვილი. ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ მძიმე წუთებში, სამინისტროები, მერიის უწყებები, შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდნენ და მათ გამოავლინეს მაქსიმუმი და მაღალი პასუხისმგებლობა. დღეს მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შსს-ს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ვახტანგს, საგანგებო ღონისძიებათა ცენტრის, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლებს, თავდაცვის სამინისტროს, ქალბატონ თინას, ჩვენს ჯარისკაცებს, საინჟინრო და საავტომობილი ბატალიონის ჯარისკაცებს, ენერგეტიკის მინისტრს ბატონ კახას, გარემოს დაცვის მინისტრს ბატონს გიგლას, სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ოთარს, ჯანდაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს ბატონ ტარიელს, ეკონომიკის მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს და კრიზისების მართვის ცენტრს, მათ თანამშრომლებს, თბილისის მერიას, ბატონ დავით ნარმანიას, მერიის სამსახურებს, განსაკუთრებით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, რომლებმაც თავიანთი განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ტრაგედიის დღეებში განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მოხალისეების, ჩვენი ახალგაზრდების სოლიდარობა. ეს მუხტი გადამდები იყო ყველასთვის და აღმოჩნდა სამაგალითო ყველასთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ერთ მუშტად შეკრული ჩვენი ქვეყანა და ის საქართველო, რომელიც ჩვენ ყველას გვეამაყება. მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც გვერდით ედგნენ ჩვენს ქართველ მოხალისეებს და მათთან ერთად შრომობდნენ. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს, ფოტოგრაფებს და ყველას, ვინც ამ მძიმე წუთებში მუშაობდნენ და ჩვენს გვერდით იდგნენ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, ჩვენს მეზობლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც სტიქიის დღიდან გვეხმარებოდნენ და გვეხმარებიან“, - განაცხადა პრემიერმა.