„ექსპო ჯორჯიაში“ 13 ივნისის სტიქიისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენის გახსნისას, პრემიერ- მინისტრმა სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 13 ივნისის ტრაგედიამ ქართველი ხალხის ერთიანობის, სოლიდარობის და კონსოლიდაციის ძალა აჩვენა.
„სტიქიისგან მიყენებული ზარალი შეიძლება ანაზღაურდეს, მაგრამ ადამიანურ მსხვერპლს და იმ ტკვივილს, რაც მათი დაკარგვით ოჯახებს მიადგათ, ვერაფერი ვერ აანაზღაურებს. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და მათ ხსოვნას პატივი მივაგო. უმძიმესი იყო 13 ივნისი, დიდმა ტრაგედიამ, რომელიც თავს დაგვატყდა, დიდი ძალა დაგვანახა, ჩვენი ერთიანობის, სოლიდარობის და კონსოლიდაციის ძალა. ჩვენ დავინახეთ როგორ ვერთიანდებოდით ამ მძიმე წუთებში, ჩვენ გავხდით მომსწრენი უამრავი ისტორიისა, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ადამიანური და მოქალაქეობრივი იყო, მაგრამ ეს სინამდვილეში გმირობის მაგალითია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აუცილებლად შევა. შეუძლებელია თითოეული მათგანის ჩამოთვლა, თითოეული ისტორიის მოყოლა, ზოგიერთის სახელიც არ ვიცით, მაგრამ ვიცით მათი ისტორია, ვიცით სოლიდარობის და უდიდესი თანადგომის ისტორია. იმ მძიმე წუთებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის კონსოლიდაცია. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ბევრ მათგანს არც კი უნდა მადლობის მოსმენა, რადგან თვლის, რომ თავის მოქალაქეობრივ მოვალეობას ასრულებდა, მე მაინც ყველას მადლობას ვუცხადებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.