დონალდ ტუსკი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს

დონალდ ტუსკი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხურვალეთში ჩავა და საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა.

დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში 14 ივლისს, ბათუმში დაიწყება, სადაც ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება; 15 ივლისს კი, ვიზიტი თბილისში გაგარძელდება, სადაც შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი საგანგებოდ ჩავა ხურვალეთში და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

"რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჩვენი საუბრის თემატიკა გაცილებით უფრო ღრმა და დიდია, მაგრამ ვინაიდან ეს ვითარება შეიქმნა, უპირველეს ყოვლისა სწორედ რუსეთის არანორმალური ქცევა, ეს დარღვევა პირველ რიგში იქნება გაჟღერებული. გარდა ამისა, საუბრის ძირითადი თემა მიეძღვნება საქართველოს ევროპული დღის წესრიგს, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებს, რიგის სამიტის შედეგებს და ჩვენს სამომავლო გეგმებს ევროკავშირთან ურთიერთობაში", - განაცხადა დავით კერესელიძემ.