თუ ეს ნაბოდვარი ნაფიცმა მსაჯულებმა დაიჯერეს, ეს ამ ინსტიტუტის ძირის გამოთხრა იქნება, - ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული მისი დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძის ჩვენებაზე კომენტირებისას, პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ "კვირის პალიტრას" განუცხადა.
"ეჭვი არ მეპარება, რომ ზურა მოკლულია. მას ტუჩთან ჰქონდა ნაჭდევი, რომელიც არ შეიძლება სიკვდილის მერე იყოს მიღებული. თავის ქალაზე აღენიშნებოდა ჰემატომა. ხარშილაძეს კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი აქვს შეჭმული, რაც წინა ხელისუფლებამ აპატია, რათა ახლა ეს სიბინძურე ეთქვა. დიახ! ხარშილაძემ ჟვანია 8 მილიონად გაყიდა! ეს საქმე სააკაშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია და მას წერტილს დაუსვამს", - განაცხადა ხოფერიამ.
კობა ხარშილაძემ ნაფიცი მსაჯულების პირობებში, ჩვენება საჯაროდ და პირველად, რამდენიმე დღის წინ მისცა. მისი თქმით, "იმ სახლში, სადაც ჟვანია და უსუპოვი გარდაცვლილები იპოვეს, ისინი შიშვლები ნახა".
"ზურას 5 წუთი რომ ჰქონოდა, ასეთ სიკვდილს არ აირჩევდა", - განაცხადა ხარშილაძემ და ჟვანიას სულს ბოდიში მოუხადა.
მას ამ საქმეზე ყოფილი პრემიერის დაცვის ცვლის ყოფილ უფროსთან, მიხეილ ძაძამიასთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება -დასაცავი ობიექტის დაცვის გარეშე დატოვება ედება ბრალად. ხარშილაძე სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში პატიმრობაშია, ხოლო ძაძამიას გირაო აქვს შეფარდებული.