„მოვითხოვთ, რუსეთის ფედერაციამ ეს უკანონო ქმედება შეწყვიტოს“

„მოვითხოვთ, რუსეთის ფედერაციამ ეს უკანონო ქმედება შეწყვიტოს“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას გმობს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ რუსეთის ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს და სათანადო რეაგირება ჰქონდეს.

„საქართველოს საგარეო უწყება მოითხოვს, რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს ეს უკანონო ქმედება და მოვიდეს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, სათანადო შეფასება მისცეს ამ ქმედებას, რომელიც მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ რუსეთის ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს და სათანადო რეაგირება და გაჟღერება ჰქონდეს. აღნიშნული საკითხი ჩვენს დღის წესრიგში უმკაცრესად დაისმება“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.

როგორც სპიკერმა აღნიშნა, 16:00 საათზე დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართება, სადაც საგარეო უწყების წარმომადგენლები დიპლომატებს არსებულ ვითარებაზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

გარდა ამისა, როგორც დავით კერესელიძემ აღნიშნა, საქართველოში 14 ივლისს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ჩამოვა, რომელიც საოკუპაციო ზოლს მოინახულებს.

„აღნიშნული საკითხი იქნება ერთ-ერთი ძირითადი თემა, რაზეც ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ვისაუბრებთ. ეს პოლიტიკური საკითხი და არანორმნალური ქმედება რუსეთის მხრიდან, პირველ რიგში იქნება გაჟღერებული“, - აღნიშნა კერესელიძემ.