ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი მმართველ უმრავლესობას ურჩევს, ენერგეტიკაში შექმნილი პრობლემების მიზეზები საკუთარ არასწორ პოლიტიკაში ეძებონ და მარეგულირებელ კომისიას ნურაფერს დააბრალებენ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სემეკის თავმჯდომარის, ირინა მილორავას ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას, მაჭავარიანმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების პასუხად განაცხადა, რომ "კომისია მხოლოდ წნევის აპარატია, წნევა კი ენერგეტიკაში დავარდნილია".
"თქვენი უნიათობა, არასწორი ეკონომიკური გათვლები გინდათ დააბრალოთ ყველას: - მზის ბრუნვას, მთვარეს, ნახევარმთვარეს, გვალვას, გარე ფაქტორებს, ოდესის გუბერნატორს, მაგრამ არა იმ პოლიტიკას, რომელსაც თქვენ აწარმოებთ. მიუხედავად ნადირობისა, რომელიც თავის დროზე ენერგეტის მინისტრმა მარეგულირებელი კომისიის მიმართ გამოაცხადა, ამ კომისიას გაუმართლა, რადგან არიან პროფესიონალები და პოლიტიკურად ნაკლებად ანგაჟირებულები, მაგრამ თქვენ ცდილობთ ყველაფერში პოლიტიკა გადაიტანოთ. თქვენ ცდილობთ იმას, რომ რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირდა, რომ გაზის "ტრუბა" საქართველოზე გადის და ტარიფები გამესამედდება, ეს ახლა კომისიას დააბრალოთ. ტარიფის ცვლილება ძალიან ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული, მათ შორის გაზის ფასზე, მათ შორის ლარის კურსის გაუფასურებაზე. ტარიფი გაანგარიშებული იყო 1.73-ზე და სხვაობა, რომელიც არის 2.24-ს შორის, რაც თქვენი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ვინ უნდა დაფაროს?! თქვენ რომ გკითხოთ, ისევ სახელმწიფოს ჩაუძვრებით ჯიბეში, რაც არის არასწორი", - მიმართა უმრავლესობის წევრებს მიხეილ მაჭავარიანმა.
მისივე შეფასებით, სამომხმარებლო ტარიფების სუბსიდირება მახინჯი გზაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ ელექტროენერგიას არ მოუფრთხილდება. მაჭავარიანის განცხადებით, თუ ამ მხრივ მარეგულირებელი კომისია პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ხელისუფლებას უნდა, "ენერგეტიკა აფეთქდება", ხოლო თუკი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, "ქართული ოცნების" დანაპირებები ცუდ დღეში აღმოჩნდება – ელეტროენერგიის ტარიფები ვერც გამესამედდება და ვერც განახევრდება".