სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტარიფიც გადაიხედება.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მილორავას მისამართით კითხვები წყალმომარაგების პრობლემასა და წყლის ტარიფზეც დაისვა. ამასთან, დეპუტატი ელისო ჩაფიძე დაინტერესდა, რამდენად სამართლიანია, როცა თბილისში წყლის ტარიფი განსხვავებული – უფრო დაბალია, ხოლო რაიონებში, სადაც წყლის ხარისხია დაბალი, ტარიფი არის მეტი. ჩაფიძემ ამის მაგალითად ტყიბული დაასახელა.
"ამ მიმართულებით ტარიფის დადგენა იმ მონაცემების გათვალისწინებით ხდება, რაც კომისიაში კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა – ლიცენზიანტმა საწარმომ წარადგინა. თუ ერთ კომპანიას აქვს მაღალი ტარიფი, ხოლო მეორე კომპანიასთან არის დაბალი ტარიფი, ეს ხარჯების სტრუქტურით არის განპირობებული, თუმცა უნდა დავაზუსტო, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტარიფი, ჩემი თავმჯდომარეობის დროს არ გადახედილა. თავისთავად ცხადია, რომ ამ კომპანიის ტარიფის გადახედვაც მოხდება მოხდება უახლოეს მომავალში. არ ვიცი, რა ტარიფები გვექნება სამომავლოდ", - განაცხადა მილორავამ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტს კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა.