მეორე წელია, რაც საქართველოს პარლამენტს გენერალური აუდიტორის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში არ მოუსმენია.
პარლამენტში გასულ წელს წარდგენილი აუდიტის სამსახურის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში საერთოდ არ განხილულა და ახლაც თაროზე დევს. სავარაუდოდ, იგივე ხდება წლევანდელ ანგარიშზეც, რადგან მისი განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადები უკვე დაირღვა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს 1 ივნისისა, პარლამენტს თავისი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. ანგარიში პარლამენტმა უნდა განიხილოს და შესაბამისი დადგენილებაც მიიღოს.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშს ჯერ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები ისმენენ და დოკუმენტი წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გადის. პარლამენტის სხდომაზე თანამომხსენებელი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტია, რომელიც პარლამენტის გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს და წარადგენს.
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ამ პროცედურის შესაბამისად, ლაშა თორდიასთვის პარლამენტს ივნისის განმავლობაში უნდა მოესმინა, რაც არ მომხდარა. ერთადერთი, ვინც აუდიტის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობით დაინტერესდა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იყო.
მომხდარს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური იმ მიზეზით ხსნის, რომ ივნისში პარლამენტის რამდენიმე სხდომა კვორუმის გამო ჩავარდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგში აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა ჩანიშნული საერთოდ არ ყოფილა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მასზე არ უმსჯელია მთავარ – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
"განხილვის ვადები მაინც დარღვეულია. ამიტომ ჩვენ ამ ანგარიშს იმ დასკვნასთან ერთად მოვისმენთ, რომელსაც პარლამენტის დროებითი კომისია თავად სახელმწიფო აუდიტის საქმიანობაზე დადებს. საპარლამენტო კომისია შემოწმების პროცესს აგრძელებს და არის სურვილი, რომ მის დასკვნას დაველოდოთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თამაზ მეჭიაურმა.
ცნობისთვის, გასულ წელს პარლამენტმა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიში საერთოდ არ განიხილა. აუდიტის სამსახურზე მხოლოდ დროებითი საპარლამენტო კომისიის ანგარიში მოისმენეს.