მთავრობა ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებით სარგებლობის შეტყობინების წახალისებას გეგმავს

მთავრობა ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებით სარგებლობის შეტყობინების წახალისებას გეგმავს

პირი, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლის მომსახურებით ისარგებლებს, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუკი, ამის თაობაზე ის ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის.

ცვლილებები "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის. კერძოდ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც პატიმრობით ისჯება. კოდექსის შესაბამისს - 143/3-ე მუხლს ემატება შენიშვნა, რომლის მიხედვით, პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ნებაყოფლობით მიაწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელი შეუწყო გამოძიების წარმართვას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

Pროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. თავის მხრივ კანონპროექტის მომზადება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროკომისიის რეკომენდაციით არის განპირობებული.

"კანონპროექტის მიზანია სამართლებრივი ჩარჩოს შექმნით სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბარიერის მოხსნა და ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა მომსახურებით სარგებლობის შეტყობინების წახალისება ასეთი მომსახურების მიმღები პირების მიერ, რათა ხელი შეეწყოს ერთი მხრივ, დანაშაულთან ეფექტურ ბრძოლას, ხოლო მეორე მხრივ, ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში საზოგადოებისა და სამართალდამცავი ორგანოების მჭიდრო თანამშრობლობას", - განმარტავს იუსტიციის სამინისტრო.

პროექტი დღეს პარლამენტის ადამიანის უფლება დაცვის კომიტეტში განიხილეს.