დავით სერგეენკომ ჯანდაცვის რეფორმის ახალი მიმართულება გამოაცხადა

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის რეფორმის ახალი მიმართულება გამოაცხადა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის რეფორმის ახალი მიმართულება გამოაცხადა. სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას გეგმავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, განცხადება, ამის შესახებ მინისტრმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (NCDC)-ში გააკეთა. ცენტრში დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით, "გლობალ ალიანსის" ეგიდით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

დავით სერგეენკოს თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობის პარალელურად, სამინისტრო გეგმავს ყურადღება გაამახვილოს ჯანდაცვის პირველად რგოლში არსებული ვითარების რადიკალურ გაუმჯობესებაზე.

"ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემუშავება და მისი ამოქმედება, შემდგომი ნაბიჯი გახლდათ თავისი არსითა და მასშტაბით მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება. ამ ეტაპზე კი შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტრო ერთ-ერთი მთავარი მიმართულების - ჯანდაცვის პირველადი რგოლის მუშაობის გაუმჯობესებაზე განსაკუთრებულ ზრუნვას იწყებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის ხარისხიან მუშაობაზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხი და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა. მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის მუშაობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს მთავრობის კონტრაქტორ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ "გლობალ ალიანსთან".

"გამოკვეთილად და აქცენტირებულად მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის ძირეული რეფორმა. ბევრ ქვეყანას დაემართა ასეთი რამ, როცა არ იქნა ჯეროვანი ყურადღება მიქცეული პირველად ჯანდაცვაზე და მთელი დატვირთვა გადავიდა ჰოსპიტალურ სექტორზე. თავისთავად ცხადია, რა დიდ რისკებს მოიცავს პროცესი, როდესაც პირველადი ჯანდაცვა ვერ ასრულებს თავის ძირითად როლს. ეს როლი იდეალურ შემთხვევაში სამედიცინო საჭიროებების 80% მართვაა და მხოლოდ 20% უნდა გადადიოდეს სტაციონალურ მკურნალობაზე. თუმცა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ სამედიცინო საჭიროებების უმრავლესობის მართვა. სამწუხაროდ, გაქვს სურათი, როდესაც პაციენტები პირდაპირ სტაციონარებში მიდიან და თვითონ ირჩევენ რა სპეციალობის ექიმთან უნდა მივიდნენ და საერთოდ, გამოტოვებულია ოჯახის ექიმის და ზოგადად პირველადი ჯანდაცვის ინსტიტუტი და სისტემა. გულახდილად, რომ გითხრათ, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ამ სისტემას საქართველოში ვერ ვხედავ. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, სწორედ პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნა და ამის შემდეგ მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება ცოტა ადამიანს, ცოტა პაციენტს დასჭირდეს ჰოსპიტალური და მაღალტექნოლოგიური ჩარევები.

"ჯანდაცვის მთავარი კარიბჭე სწორედ პირველადი ჯანდაცვაა. ექიმები ხშირად დელიკატურობის გამოც ვერიდებით საუბარს, თუნდაც, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ანაზღაურების შესახებ. მართლაც რთულია ამ ანაზღაურების ადეკვატურობაზე საუბარი. გასაგებია, რომ ყველა პროფესია უნიკალურია, მაგრამ ექიმის _ განსაკუთრებულად უნიკალურია. ექიმი არ უნდა დავტოვოთ მარტო მის ეკონომიკურ პრობლემებთან. ასეთ შემთხვევაში, მას ვერც ხარისხიანი მომსახურების გაწევას მოვთხოვთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.