პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტი ხალხის მიერაა არჩეული და მას უნდა ჰქონდეს ყოველ დღიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან ყველა იმ საკითხზე რაც პარლამენტში იხილება.
ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ინტერფრაქციული ჯგუფის და ღია პარლამენტის სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღევანდელ სხდომაზე 18 საპროექტო მონახაზი იხილება, შემდეგი წელიწადნახევრის მანძილზე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
"არჩევნებამდე შორია, მაგრამ უკვე გპირდებით, რომ პარლამენტში სერიოზული ღონისძიებები იქნება გატარებული იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობა იყოს უფრო ღია და ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის. კონცეფცია აქ არის მარტივი. პარლამენტი არჩეულია ხალხის მიერ და მას უნდა ჰქონდეს ყოველდღიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან ყველა იმ საკითხზე, რაც პარლამენტში იხილება. ეს კომუნიკაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცალმხრივი, რომ ჩვენს მოსახლეობას ვამცნოთ, რა გადავწყვიტეთ, ეს უნდა იყოს ორმხირივი, მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონდეს ყოველდღიური შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიცია უკეთ გამოხატოს განსახილველ საკითხებზე. ამ მიზნით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან სამოქალაქო სექტორი და დეპუტატები მუშაობენ. დღევანდელ სხდომაზე 18 საპროექტო მონახაზი იხილება და იმედი მაქვს, რომ დღეს მუშაობა დასრულდება შემდეგი წელიწადნახევრის მანძილზე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. აქ არის თემები როგორიც არის დღის წესრიგში ცვლილების შეტანის დასაბუთების ვალდებულება, ხშირად არის ჩივილი, რომ კომიტეტის სხდომაზე უცებ ჩნდება საკითხი, რომელიც წინასწარ არ იყო დღის წესრიგში და დაინტერესებულ პირს არ ჰქონდა საშუალება ის ამ თემას გაცნობოდა. ერთის მხრივ, ეს გარდაუვალია რადგან ცხოვრება დინამიურია და შეიძლება ეს თემა გუშინ გაჩნდა, მაგრამ მეორეს მხრივ ბოროტად არ უნდა ვისარგებლოთ ამ ტიპის ნოვაციებით. მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნება ვებ-გვერდზე ისე, რომ შეიძლებოდეს მასზე კომენტირება. კანონი სიცოცხლეს იწყებს მისი შექმნის მომენტიდან და ჩვენთან მთავრდება კანონზე ფიქრი. როგორ კანონს მივიღებთ, ჩაითვალა რომ მორჩა. ამასობაში კი არ მორჩა დაიწყო, კანონმა როგორ იმოქმედა, თუ დავადგინეთ შეღავათი ვინმესთვის, იმან როგორ იმუშავა თუ არა, საჭიროა კონკრეტულ ნორმებზე და დებულებებზე იყოს გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ დღეს სამუშაო ჯგუფი კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივა და მომავალი ერთი წლის განმავლობაში პარლამენტი გახდება მოქალაქეების, ყველასი, ვისაც ეს ორგანო ეკუთვნის.