გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მოკავშირე დეპუტატები აცხადებენ, რომ საბერძნეთმა ევროზონა უნდა დატოვოს. "ბიბისის" ცნობით, კონსერვატიული "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის, კლაუს-პიტერ ვილშის თქმით, გუშინდელი რეფერენდუმის შედეგები იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთი ევროზონაში ვეღარ დარჩება.
"ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კი საბერძნეთის გაკოტრებული სახელმწიფოს დაფინანსება უნდა შეწყვიტოს", – განაცხადა ვილშმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ახლა საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის პროცედურების ორგანიზება უნდა დაიწყონ.
"საბერძნეთს შეუძლია დარჩეს ევროკავშირში, თუმცა, ევროზონაში მათ მომავალი არ აქვთ. მათ სცადეს ჩვენი დაშანტაჟება. ისინი სხვა ქვეყნების გადასახადის გადამხდელების მძევლად აყვანას ცდილობენ" – აღნიშნა გერმანელმა დეპუტატმა.
საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინდელ რეფერენდუმში მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია, საბერძნეთმა კრედიტორების მოთხოვნა შეასრულოს, 38,7 პროცენტი კი, ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა.
ამასთან, როგორც უცხური მედია წერს, საბერძენთის შს სამინისტრომ ასეთ მონაცემები ყველა ბიულეტენის დათვლის საფუძველზე გამოაცხადა.
ბერძენს ამომრჩეველს 5 ივლისის რეფერენდუმზე უნდა გადაეწყვიტა, დაუჭერდა თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვდნენ.
ევროზონის ლიდერების პოზიციაა, ათენმა გადასახადები გაზრდოს და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება.