უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის კონკრეტული დრო კვლავ უცნობია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების გეგმის შემუშავებს და სალაროების სათანადო დონეზე ტექნიკურ აღჭურვას, ბილეტები.გე-ს მონაცემთა ბაზის მოწესრიგებას და ბილეთების დახარისხებას.
ფედერაციაში განმარტავენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ბილეთების გაყიდვა დაიწყება. როგორც გასულ კვირაში ფედერაციაში აცხადებდნენ, გაყიდვა სავარაუდო მიმდინარე კვირაში დაიწყება.
უეფა-ს სუპერთასის ბილეთები ბილეტები.გე-ს უნდა გაეყიდა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო საიტმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ბილეთები სალაროებში გაიყიდება.
ვრცელდება ინფორმაცია, ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება.
უეფა-ს სუპერთასზე, რომელიც 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება, ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპის ლიგის გამარჯვებული "სევილია" დაუპირისპირდებიან.