საარჩევნო კოდექსის შეცვლა და გარემოს გაუმჯობესება მუდმივ პოლიტიკურ თემადაა ქცეული. ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც იმაზე თანხმდება, რომ კოდექსი დასახვეწია, მაგრამ საბოლოოდ ვერაფრით ვერ ხერხდება შეჯერებული და ორივე მხარისთვის მისაღები ვარიანტის შემუშავება. ოპოზიციის ნაწილმა უკვე წარმოადგინა საკუთარი ხედვა, ცესკომ შეაჯამა 2010 წლის მაისის არჩევნები, სახეზეა ეუთო-ს დასკვნაც და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც. თუმცა ყველაზე უცნაური ის არის, რომ საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების პროცესში და ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ აქტიურ კონსულტაციებში აქტიურად არ არის ჩართული ცესკო, რომელიც საქართველოში ჩასატარებელი ნებისმიერი არჩევნების სამართლიანობაზე კანონის წინაშე აგებს პასუხს. “ვერსია” დაინტერესდა, რა დოზით მონაწილეობს ამ პროცესში ცენტრალური საარჩევნო კომისია და რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება საარჩევნო კანონთან დაკავშირებით. გთავაზობთ, ცესკო-ს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც საარჩევნო სისტემაში თითქმის რევოლუციურ ცვლილებებზე საუბრობს
როგორ აფასებთ გასულ არჩევნებს, რა მნიშვნელოვანი ხარვეზები დააფიქსირეთ და როგორ აპირებთ მის გამოსწორებას. როგორ ემზადება ცესკო მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის?
- ვინაიდან ეს არჩევნები ჩემთვის ამ რანგში პირველი იყო, ნაკლებად მაქვს შესაძლებლობა, ტექნიკური და ორგანიზაციული თვალსაზრისით წინა არჩევნებს შევადარო, ამიტომაც მას, როგორც ცალკე აღებულს, ისე განვიხილავ. პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ საარჩევნო გარემო დადებითი იყო. ყველა დაინტერესებული მხარე - პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები, განწყობილნი იყვნენ, ეს არჩევნები კარგად ჩატარებულიყო. შესაბამისად, გატარებულ სამუშაოებს ყველა დადებითად აფასებს.
თუმცა, ეს ყველაფერი იდეალურისგან მაინც შორსაა. ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც გასაუმჯობესებელია. აქვე ეუთო-ს შეფასებებთანაც გავავლებ პარალელს. მან საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ პროცესი გამჭვირვალე და კარგად ორგანიზებული იყო, მაგრამ რაც შეეხება თვითონ არჩევნების პროცესს, ალბათ მე რომ კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მქონოდა, მეტ აქცენტს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე გავაკეთებდი. იქ გარკვეული საკითხები, შეიძლებოდა სხვაგვარად დაგეგმილიყო. მაგალითად, არჩევნების დღეს შეიძლებოდა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში ადმინისტრაციის წარმომადგენლები უფრო მეტად გაგვეშალა. ამით მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ავიცილებდით იმ დარღვევებს, რაც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და ჩვენი ადმინისტრაციის საოლქო კომისიებმა დააფიქსირეს. მეორე მნიშვნელოვანი ხარვეზი, ხმის დათვლის პროცესთანაა დაკავშირებული და ეს ეუთო-მაც უარყოფითად შეაფასა. აქ საუბარი არ არის ხმების არასწორად დათვლაზე, პრობლემაა მათი პროცედურულად გაფორმება და დროულად გამოგზავნა.
რით იყო ეს პრობლემები გამოწვეული?
- ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი გახლავთ, ოპოზიციური პარტიების მიერ არჩეული მდივანი, რამაც პოლიტიკურად დადებითი შედეგი კი მოიტანა, მაგრამ ტექნიკურად - არა. თითქმის ყველა უბანზე მდივანი გამოუცდელი იყო. მართალია, საარჩევნო კოდექსით, პასუხისმგებლობა მდივანთან ერთად თავმჯდომარეებზეც განაწილდა, მაგრამ როცა უბანზე ერთი დამწყები იყო, ხოლო მეორე არ აღმოჩნდა ისეთი კვალიფიციური, როგორც საჭიროა, ეს პრობლემა გაჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, კოდექსში, იმ შემთხვევისთვის, თუ საარჩევნო პროცესი არასწორად წარიმართებოდა, 500 ლარიანი ჯარიმა ჩაიდო, რამაც უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული მდივანი დაკომპლექტების პერიოდშივე ამბობდა მუშაობაზე უარს. მდივანის ანაზღაურება 200 ლარია, 500–ლარიანი ჯარიმის რისკით და ამ პასუხისმგებლობის აღება არავის სურდა. როცა ხმების შეჯამების პროცესი დაიწყო, ეშინოდათ, ჯარიმა არ დაემსახურებინათ და ამიტომ ბევრი მათგანი, სანამ საოლქო კომისიის წევრის თანდასწრებით არ დარწმუნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, მანამდე შევსების პროცესის დამტკიცებაზე თავს იკავებდა. ამის გამო ხდებოდა დაგვიანებაც. ამ შიშმა და გამოუცდელობამ, ეს პროცესი სერიოზულად დაამუხრუჭა. ადგილობრივი არჩევნები, ტექნიკური თვალსაზრისით, ადმინისტრაციისთვის ყველაზე რთულია. ამიტომ ამ ტექნიკური საკითხების დასახვეწად ჩვენ ტრენინგების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას ვფიქრობთ. თუ იქნება შესაძლებლობა, ხმის დათვლის პროცესი კიდევ უფრო მარტივი რომ გახდეს, ტექნიკური საშუალებების დამატებასაც ვაპირებთ. თუმცა ეს ყველაფერი შესაბამისი კონტროლის მექანიზმებით უნდა გაკეთდეს.
საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში როგორ აპირებთ?
- უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემაა და ეს ყველაზე მტკივნეულად საარჩევნო პროცესში ჩანს ხოლმე. აქ ალბათ, სახელმწიფოსა და დონორების მხრიდან კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ზოგადი ინტეგრაცია და სამოქალაქო განათლება უნდა მიდიოდეს ფართო პროფილით და ამ ჭრილში, საარჩევნო მიმართულებით, გარკვეულ ძალისხმევას ჩვენც შეგვიძლია მივმართოთ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წახალისებას საარჩევნო თემატიკით მოვახდენთ. რეგიონებში საგრანტო პროგრამების გამოცხადებას ვაპირებთ, რომ შემდეგი არჩევნებისთვის ნიადაგი მოვაძლიეროთ. პირდაპირი კონტაქტი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე იმ ხალხთან გვექნება, რომლებიც შედარებით აქტიური ამომრჩევლები არიან. ვაპირებთ ასევე ჩვენი სასწავლო ცენტრის ფილიალების რეგიონებში გახსნას. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქცენტი უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე გაკეთდება.
რაც შეეხება სისტემურ ნაწილში არსებულ პრობლემებს. აქაც ბევრი საკითხია გადასახედი. ჩემი აზრით, პირველ რიგში, საჭიროა ადმინისტრაციის სისტემის გადახედვა. აუცილებელია, ხელისუფლების შტოების მსგავსად, აქაც მოხდეს პასუხისმგებლობის გადანაწილება. დღეს, ცენტრალური, საუბნო და საოლქო კომისიები, ერთდროულად ითავსებენ, როგორც მარეგულირებელ, ისე აღმასრულებელ და საარბიტრაჟო ფუნქციებს. ამ პუნქტების ერთ ორგანიზაციაში თავმოყრა კი სერიოზული ხარვეზია. რეალურად, საარჩევნო ადმინისტრაციას არ ჰყავს ზედამხედველი ორგანო და ის არც არავის წინაშეა პირდაპირ ვალდებული.
ეს ჩემთვის სერიოზული დისკომფორტია, როცა ერთდროულად მიწევს ზრუნვა ნებისმიერ უბანში ყუთის მიტანაზე, ფარდის დაკიდებასა თუ აბრის გამოკიდებაზე... თან ამასთან უნდა ვიძლეოდე რეგულაციებსაც და მერე დავების განხილვისას, როგორც მოსამართლე, ისე ვიღებდე გადაწყვეტილებებს. ამ ფუნქციების თავმოყრა არ შეიძლება.
ცვლილებები საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაშიც. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არჩევნებს შორის პერიოდში სადღაც 500 ადამიანია, ანუ თითო რაიონში 5-6 კაცი და ამას დამატებული ჩვენი შტატი თავის ცესკო-ს 13 წევრით, ჯამში, 504 კაცამდე ავდივართ. მათი ადმინისტრირებაც საქმეა, სისტემა მაშინ უნდა ამუშავდეს, როცა საჭიროა და შემდეგ ეს 504 ადამიანი 48 ათას კაცად უნდა გაიშალოს. თან ისე, რომ ყველა მათგანი მზად იყოს. რეალურად, 48 ათასი ადამიანი, საქართველოს მასშტაბებისთვის ძალიან დიდი რიცხვია. 48 ათასი ერთად აღებული არმია და პოლიცია არ გვყავს. წარმოიდგინეთ, რა რთულია, ამდენი ხალხის მართვა, თანაც ერთი დღის მოვლენისთვის, რის მერეც ეს ხალხი ისევ იშლება, შემდეგ ხელახლა იკრიბება და მზადდება.
ანუ, გეგმავთ, ეს რიცხვი შეამციროთ? როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?
- მე ამის სურვილი მაქვს. თუმცა ეს პოლიტიკურად გადასაწყვეტი თემაა. 48 ათასი ადამიანი სამართავად ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ ამდენი ადამიანი ჯერ უნდა იპოვო, მერე ასწავლო და თან მათ საქმიანობაზეც პასუხისმგებელი იყო. ეს ძალიან ძვირიცაა.
ბოლო არჩევნები 25 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც 18 მილიონი, არჩევნების დროს მარტო ამ ხალხის ხელფასი იყო. აუცილებელია, საარჩევნო მოხელის ეფექტურობის გაზრდაზეც ვიფიქროთ. თუმცა ეს მარტივად გადასაწყვეტი თემა არაა. სამივე დონეზე ყველა კომისია ერთნაირ აგებულებას იმეორებს, სადაც უმრავლესობას პარტიული წევრები წარმოადგენენ. კომისიების ასეთი დაკომპლექტება არაეფექტური ადმინისტრაციის ერთ-ერთი მხარეა. თითოეულმა პარტიამ კომისიებში ჯამში 3700 ადამიანი უნდა წარმოადგინოს, რაც მათთვისაც ძალიან რთულია.
მითუმეტეს, ჩვენს რეალობაში, როცა ზოგ პარტიას ამდენი წევრი საერთოდ არ ჰყავს.
- გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციას უხდება, პასუხისმგებლობის აღება კომისიის იმ წევრებზე, რომლებიც მისი შერჩეული და დანიშნული არაა. ეს სისტემა შეიქმნა იმიტომ, რომ პარტიებს პროცესზე კონტროლის მექანიზმი ჰქონოდა, მაგრამ ეს მაინც არ მუშაობს. არსებული რესურსებით, განსაკუთრებით ოპოზიციურ პარტიებს, რეგიონებში მუშაობა უჭირთ. შესაბამისად, კომისიებში თავს შემთხვევითი წარმომადგენლები იყრიან, რომელთა შრომის ანაზღაურებაც არც საარჩევნო ადმინისტრაციას არგია და არც პოლიტიკურ პარტიას. ამიტომ სისტემა უფრო ეფექტურად აიგოს.
ამ ყველაფერს პოლიტიკური კონსენსუსი და საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. ფაქტიურად, ახალი კოდექსის უნდა დაიწეროს. როგორ აპირებთ ამ მოსაზრებების პარტიებისთვის მიწოდებას ან წამოვლენ ამ ცვლილებებზე?
- ეს ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობის ფორმატში უნდა განიხილებოდეს. დღეს სახელმწიფო დაფინანსება 17 კვალიფიციურ პარტიას აქვს. ჯამში ყველა ერთად, ყოველთვე ბიუჯეტიდან 393,429 ლარს იღებს. ამას ემატება კიდევ ნახევარი ჩვენგან – ტრენინგების საშუალებით. რეალურად, სრულფასოვნად, 17 პარტიას ვერცერთი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ დააფინანსებს.
ლოგიკა გვკარნახობს, რომ ძლიერი პარტიების ჯგუფები უნდა ჩამოყალიბდეს. მაგალითად, მომავალი წლიდან, პოლიტიკურ პარტიებს, ბიუჯეტიდან 7,1 მილიონი ლარი ეკუთვნით. ეს თანხა ბევრია თუ ცოტა? 17 პარტიისთვის იმდენია, რომ ცენტრალური ოფისი მინიმალური სტაფით შეინახონ და პოლიტიკურად იმოძრაონ. თუმცა, რეგიონებში რომ გაიშალონ და საერთო ეროვნულ პარტიებად იქცნენ, საამისო რესურსი აღარ აქვთ. ეს თანხა, პირობითად 5 პარტიაზე რომ იყოფოდეს, სტრუქტურების განვითარებისთვის უკვე სერიოზული ციფრია.
ვფიქრობ, საარჩევნო კოდექსზე მუშაობის დროს, პარტიები ამაზეც უნდა მსჯელობდნენ. მათი გამსხვილების მოტივაცია უნდა გაჩნდეს. თუ ასე არ მოხდა, ისინი ყოველთვის ფრაგმენტირებულები იქნებიან და იგივე ოპოზიცია, სერიოზულ ძალად ვერასოდეს ჩამოყალიბდება. ხოლო როცა ოპოზიცია ძლიერი არაა, ე.ი სუსტია პოლიტიკური სისტემაც.
ახლა თქვენ გამოდიხართ ისეთი ინიციატივით, რის გამოც ოპოზიციამ, შესაძლოა, ანათემას გადაგცეთ.
- საზოგადოების დაკვეთაა ქვეყანაში არა 17 კვალიფიციური პარტია, არამედ ბევრად ნაკლები იყოს. პოლიტიკურ პარტიებს ვთხოვდი, ამ თემაზე საუბარი დაიწყონ. ერთკაციანი პარტიების დრო დიდი ხანია წავიდა. საქმე კონსოლიდაციისკენ უნდა მიდიოდეს. ამერიკაშიც, სადაც ამხელა სისტემაა, მხოლოდ ორი ძირითადი პარტიაა. გამსხვილება აუცილებელია, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ხელოვნური. პროცესი საერთო პლატფორმასა და იდეოლოგიას უნდა ეფუძნებოდეს. ერთადერთი, რაც ამას ხელს უშლის, არის ის, რომ ყველა ცდილობს ამ საკითხზე რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოს.
არის კიდევ ერთი საკითხი - შიდაპარტიული დემოკრატია. მის განვითარებაზე დღეს პარტიები ნაკლებად ზრუნავენ. შიდაპარტიული დემოკრატიის შესახებ ვენეციის კომისიის საუკეთესო პრაქტიკის დოკუმენტი არსებობს. კარგი იქნება, თუ მოთხოვნები, რომელსაც ისინი აყენებენ, ქართულ კანონმდებლობაშიც აისახება. პარტია თუ დემოკრატიულადაა აგებული, მისთვის ასეთივე პარტიასთან ურთიერთობა და გაერთიანებაც ადვილია. საქართველოში პარტიების 90% ერთ ლიდერზეა აგებული. რომელსაც ან საერთოდ არ ცვლიან, ან ჰყავთ 2-3 ლიდერი, რომელსაც მუდმივი როტაციის წესით ცვლიან.
პარტიაში თუ შიდა დემოკრატია არაა, ის პროცესს დემოკრატიულად ვერც პარტიის გარეთ წარმართავს. ანუ ჯერ შიგნით უნდა მოწესრიგდნენ და აქედან უნდა იწყებოდეს მერე პოლიტიკური სისტემის მდგრადობის გაზრდა. ვფიქრობთ, ეს თემა ჯერ, ზოგადად, საზოგადოების დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრებზე უნდა წამოიწიოს. თუ პოლიტიკური სისტემის განვითარება გვინდა, ფუნდამენტური დონით უნდა დავიწყოთ, ეს კი პარტიების დაფინანსება და შიდა დემოკრატიის განვითარებაა.
რაც შეეხება, უშუალოდ, ეუთო-ს დასკვნას, რა საკითხებზეა იქ ყურადღება გამახვილებული, რა არის მათი რეკომენდაციები?
- ეუთო აღნიშნავს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. თუმცა არსებობს მთელი რიგი ხარვეზები და ერთ-ერთად მითითებულია საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის არც თუ ისე მაღალი ხარისხი. ეუთო საკანონმდებლო ბაზის ხარვეზებზეც მიუთითებს, სადაც, პირველ რიგში, იგულისხმება 1990 წლის კოპენჰაგენის საკანონმდებლო დოკუმენტებთან შეუსაბამობები. ეს ეხება პატიმართა გარკვეული ჯგუფისთვის ხმის მიცემის უფლებას და ასევე ოლქებში ხმათა თანაბარ რაოდენობას.
ანუ, მათი მოთხოვნით, ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობებში სხვაობა 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ჩვენი გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული თავისებურებების გამო ხდება და ძალიან რთული თემაა. მაგალითად, ყაზბეგში 5 ათასი ამომრჩეველია, დუშეთში კი - 30 ათასი და თუ ჩვენ ამ ორ ოლქს გავაერთიანებთ, გამოდის, არჩევნებში ყაზბეგის წარმომადგენელი ვერასოდეს გაიმარჯვებს. ამიტომაც აქ რაღაც ბალანსის გამონახვა მოგვიწევს. ეუთო ასევე დიდ ხარვეზად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას თვლის. ჩვენი კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ლიბერალურია. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური სუბიექტები თანაბარ მდგომარეობაში არ არიან. შენიშვნა იყო იმაზეც, რომ ჩვენი კანონმდებლობით დამოუკიდებელ კანდიდატს კენჭისყრის უფლება არ აქვს. ასევე ხარვეზად შეფასდა ხმის დათვლის პროცედურებიც, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.
როგორც მახსოვს, თქვენ გქონდათ ასევე სტამბის მოწყობის იდეაც, სადაც არჩევნების დროს ყველა პარტია თანაბარ მდგომარეობაში ჩადგებოდა და გარკვეული თანხების დაზოგვასაც მოახერხებდით. ამ მიმართულებით რა ხდება?
- არა, აქ საუბარი იყო ჩვენს სტამბაში, ჩვენივე ბიულეტენების დაბეჭდვაზე. ამის გამო წინა არჩევნებზე კინაღამ კოლაფსის წინაშე აღმოვჩნდით, რადგან რამდენიმე ოლქის ბიულეტენები ბოლო საათებში დაიბეჭდა. თუმცა თქვენ ახლა საინტერესო იდეა გააჟღერეთ და თუკი ჩვენი სტამბა გვექნება, შეიძლება პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული ქვოტით მომსახურება შევთავაზოთ...
ასევე, ვმუშაობთ იმ მუდმივ პრობლემაზე, რაც პლაკატების ერთმანეთზე გადაკვრას ეხება, რაც გაწევ გამოწევისა და ჩხუბის მიზეზი ხდება. ნორმატიულ ბაზაში უნდა ჩაიდოს, რომ პლაკატებისთვის სპეციალური სტენდები დაიდგას და გადაწყდეს, როგორ, რა რაოდენობით და რა ზომის სტენდები განლაგდეს. ეს წვრილმანი თემაა, მაგრამ საბოლოო ჯამში სიტუაციას მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს. ამ პროცესში საზოგადოების უფრო მეტი მობილიზაციაა საჭირო. ეს მედიაგანხილვების მუდმივი საგანიც უნდა იყოს.
ახლახანს ოპოზიციის ნაწილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა დაასრულა და მოთხოვნები 7 პუნქტად ჩამოაყალიბა. მათ პოზიციებს როგორ აფასებთ და რამდენად რეალურია თუნდაც ბიომეტრიული პასპორტებით ხმის მიცემის სისტემის დანერგვა?
- 8 ოპოზიციურმა პარტიამ, მართლაც, საინტერესო ღონისძიება გამართა. თუმცა, ჩვენ ამ სხდომაზე არავის მივუწვევივართ. არადა, ჩემთვის მათი პოზიციების მოსმენა ნამდვილად იქნებოდა საინტერესო. რაც ყველაზე მთავარია, რა საკითხებზეც შეთანხმდნენ, არც ის დოკუმენტი მოუწოდებიათ. ამის გაკეთება ან არავის მოაფიქრდა, ან მოაფიქრდა და ჯერ არაა განხორციელებული. ინფორმაცია პრესიდან მივიღე, რომელიც რამდენად ზუსტია – ვერ გეტყვით. რაც შეეხება საკითხებს, რასაც ოპოზიცია აყენებს. მათგან ზოგი ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგიც - ნაკლებად. უბრალოდ, ყველაფერი ერთადაა შეყრილი. მიუღებელი არცერთი მოთხოვნა არაა, უბრალოდ, ზოგი ტექნიკურად რამდენად არის შესრულებადი, არ ვიცი. იგივე ბეჭედზე ნაკვეთურების დადება, სიმართლე გითხრათ, მნიშვნელოვან საკითხად არ მიმაჩნია.
თუმცა, ოპოზიცია თვლის, რომ ამით ბიულეტენის გაყალბებას გამოვრიცხავთ.
- ვისაც პრაქტიკული მუშაობის ცოტა მეტი გამოცდილება აქვს მიხვდება, რომ ის ისეთი ეფექტური არაა, როგორც იმედებს ამყარებენ. ასევეა ბიომეტრიული პასპორტების თემაც. არჩევნების დროს იდენტიფიკაციის პრობლემა არასოდეს დგას. თუ კარუსელზეა ლაპარაკი, ამ პრობლემას ვერც ბიომეტრიული პასპორტი წყვეტს. ტექნიკურადაც რთული განსახორციელებელია. ჩვენ ამ თემებზე შეხვედრა ადრეც გვქონდა, სადაც ბატონი ვაშაძეც გვყავდა მოწვეული და ითქვა, რომ რეალურად 1/3-ზე მეტი პირადობის მოწმობის, ბიომეტრიული პასპორტით შეცვლა, მომავალ არჩევნებამდე ტექნიკურად შეუძლებელია. თავისი მოსაზრება ჰქონდათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ამ იდეას აყენებს. თუმცა ვფიქრობ, საკითხებზე მსჯელობა მაინც შეიძლება.
გარდა ბიომეტრიული პასპორტების აღებისა, აქ კიდევ სხვა საკითხებია - ყველა საარჩევნო უბანზე უნდა დაიდგას ფოტოგადამღები. უნდა იყოს ცენტრალური სერვერი და მაღალი ხარისხის ინტერნეტკავშირი, რათა ფოტო ცენტრალურ ბაზასთან შედარდეს. შემდეგ დადგინდეს, პირს რეგისტრაცია სადმე ხომ არ აქვს კიდევ გავლილი. აღარაფერს ვამბობ, ამ პროცედურებს რამდენი დრო და კვალიფიციური ადამიანი სჭირდება, როცა ელემენტარულ დოკუმენტაციას ვერ ავსებენ ხოლმე. სამწუხაროდ, ასეთ ტექნიკურ სირთულეებზე ისინი ნაკლებად საუბრობენ.
რაც შეეხება დავების განხილვას, ეს მართლაც კარგი თემაა და პირდაპირ კავშირშია საზედამხედველო, სააღმსრულებლო და საარბიტრაჟო ფუნქციების გამიჯვნასთან. ცალკე არბიტრაჟის თემა მართლაც დადებითი იდეაა. კარგია კოლეგიის შექმნა, სადაც ერთი მოსამართლე იქნება, დანარჩენი ოთხი კი – მსაჯული. აქ არ მომწონს, ოპოზიცია რომ ამბობს, მსაჯულები პარტიებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები უნდა იყვნენო. არ მომწონს, რადგან ისინი უკვე სუბიექტურები არიან. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ ეს ადამიანები დამოუკიდებლები იქნებიან და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დავნიშნავთ. რაც შეეხება კომისიების კვალიფიციურად კომპლექტაციის წესს, კარგია, რომ ამაზეც არის ლაპარაკი, თუმცა უკეთესი იქნება, თუ ამას პროფესიული და პარტიული თვალსაზრისით დავყოფთ. როცა პროფესიული ნიშნით დანიშნული პირი აღმასრულებელი ფუნქციის მატარებელი იქნება, ხოლო პარტიის დანიშნული წევრი საზედამხედველო ფუნქციას შეასრულებს...
ასე რომ, ამ თემებზე მსჯელობა შეიძლება. ჩვენ ვფიქრობთ საკონულსტაციო ჯგუფის გაკეთებას, სადაც პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებიც შევლენ. რა თქმა უნდა, ეს ჯგუფი გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, უბრალოდ, აზრთა გაცვლა და ტექნიკური საკითხების დამუშავება მოხდება. მნიშვნელოვანი საკითხები კი რაც კანონმდებლობაში უნდა აისახოს და საერთო განხილვის ფორმატში გადაწყდეს.