ხელისუფლების მიერ „წარმატებულად“ აღიარებული პროექტი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ფაქტობრივად ჩავარდა. მართალია, მმართველი გუნდი ჯიუტად არ აღიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას მისი განხორციელებით დიდი სარგებელი არ მიუღია. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში პრიორიტეტების შერჩევისას სოფლის მოსახლეობის ინტერესები არავის გაუთვალისწინებია. ექსპერტების შეფასებით, რეგიონული პროექტების ფონდიდან გამოყოფილი მილიონობით ლარიდან სამუშაოების მხოლოდ 60% შესრულდა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ფონდიდან მიღებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში სენაკელმა ოპოზიციონერებმა მმართველი პარტია 22 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გააკრიტიკეს.
ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს შორის ხმაურიანი დაპირისპირება სწორედ სამუშაოების უხარისხო შესრულებამ და თვითღირებულების ხელოვნურად გაზრდის ფაქტებმა გამოიწვია.
მურად შამათავა, რომელიც საკრებულოში ფრაქცია „ჩვენი საქართველო-თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენს, presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ საკუთარი ქმედებით ხელისუფლებამ სოფლის მოსახლეობის მიმართ დანაშაულებრივი გულგრილობა გამოიჩინა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ხელისუფლებისათვის ფულის გათეთრების საუკეთესო იარაღად იქცა. სხვანაირად ვერც შევაფასებ, რადგან ჩვენი ფრაქციის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია ტენდერში მონაწილე იურიდიული პირების მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე, რეალური შედეგების გათვალისწინებით, სრულიად არაადექვატურია. ოფიციალურ დოკუმენტებში არ არის მითითებული შესასყიდი ობიექტების საგარანტიო ვადები და არც სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობა. ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისგან სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნაც მოვითხოვეთ, მაგრამ ბესიკ ნარმანიამ იგი არ დაგვიკმაყოფილა. ამიტომაც გადავწყვიტეთ სოფლებში შესრულებული სამუშაოების ფოტო-მასალა შეგვედგინა და საკანონმდებლო ორგანოში წარმოგვედგინა.“ - განმარტავს შამათავა.
ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს და „თითიდან გამოწოვილს“ უწოდებს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ნარმანია, თუმცა მან იმავე სხდომზე ხარვეზების გამოსწორების აუცილებლობაზე თავად ისაუბრა. „ის, რასაც ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით აკეთებს, ამაზრზენია. არ შეიძლება ასე იქცეოდეს საკრებულოს წევრი, არ შეიძლება ასეთი არაკოლეგიალური იყოს. ის ვითომ ფოტო-დოკუმენტები არის აბსურდი. ჩვენ ყოველთვის ვეხმარებოდით და დავეხმარებით სოფლის მოსახლეობას.“ - განაცხადა presage.tv-სთან საუბრისას ნარმანიამ.
სოფლის მოსახლეობის „დასახმარებლად“ სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გახარჯული 1მლ 128 ათას 722 ლარის არამიზნობრიობაზე საუბრობს ოპოზიციური ფრაქციის კიდევ ერთი წევრი მამუკა ბაბილუა. „პროგრამის ფარგლებში სოფლების ტერიტორიებზე ე. წ. მოსაცდელების აგებაც იყო გათვალისწინებული. ჯეგეთის თემში ამ ნაგებობისთვის 460 ლარი გამოყვეს, მაგრამ რეალურად 40-50 ლარის სამუშაოა შესრულებული. ძველი სენაკის თემის კლუბის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 2011-2012 წლებში 42 597 ლარი გაიხარჯა. ამის მიუხედავად, შენობის მხოლოდ ნაწილია ამ დროისათვის გარემონტებული და დაუსრულებელ ოთახებში სარეველებთან ერთად ხეებია ამოსული. ახალი სახურავიდან კი წყალი ჟონავს. სრულიად განადგურებულია ასევე შენობის ფასადი, საიდანაც უხარისხო საღებავი წვიმამ ჩამორეცხა. ასეთივე მდგომარეობაა სოფლებში მილხიდების, ხიდბოგირებისა და წყალსაწრეტი არხების მოსაწყობად გახარჯულ თანხებთან დაკავშირებითაც, სადაც 12 145 ათასი ლარით გათვალისწინებული სამუშაოების უმეტესი ნაწილი არ შესრულებულა. 21 მინი სპორტული მოედნიდან სენაკის რაიონში დღეს მხოლოდ ორი ფუნქციონირებს, არადა ასეთი მოედნების მოწყობა ცოტა ხნის წინ ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი იყო. ხელოვნური, მწვანე ხასხასა საფარის ნაცვლად ამ მოედნებს მეტრიანი სარეველები ამშვენებენ. ამის და ხელისუფლების უნიათობის დამადასტურებელი ფოტოები წარვუდგინეთ დღეს მმართველ გუნდს, მაგრამ „მტკიცებულებად“ არავინ ჩაგვითვალა“, - აცხადებს ბაბილუა.