ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილს პარასკევს ხელმეორედ დაკითხავენ

ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილს პარასკევს ხელმეორედ დაკითხავენ

დაპატიმრებული ჟურნალისტის, სოფო ნიკოლაშვილის საქმეში სიახლეებია - პარასკევს ნიკოლაშვილს ხელმეორედ დაკითხავენ; ამასთან, მისი საქმე გურჯაანის პროკურატურიდან კახეთის საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა. პლუს ამას, დაპატიმრებული ჟურნალისტის საქმეზე ზეგავლენას ის ადამიანი ახდენს, რომელიც 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე დახვრეტილი გურამ შარაძის საქმის გამოძიებისას პროკურატურაში მუშაობდა, შემდეგ დააწინაურეს და ახლა კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილეა. 

სოფო ნიკოლაშვილის საქმეში არსებული სიახლეების შესახებ მისი უფლებების დამცველი ადვოკატის, მამუკა ნოზაძისგან შევიტყვე, რომელიც თვლის, რომ ნიკოლაშვილის საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნა და ახლა მისი ხელმეორედ დაკითხვა, ქართველი ჟურნალისტების აქტიურობის შედეგია. ადვოკატი ქართველ პოლიტიკოსებს ურჩევს მიბაძონ ჟურნალისტებს და ნიკოლაშვილის საქმის სამართლიანად გამოძიების საქმეში მათ ხელთ არსებული ბერკეტები გამოიყენონ.

“არაერთი მიმართვის შემდეგ, როგორც იქნა ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა - პარასკევს სოფო ნიკოლაშვილს დამატებით, ბრალდებულის სტატუსით დაკითხავენ. ამჯერად მას მიეცემა საშუალება ადვოკატის თანდასწრებით სრულად ასახოს მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები, ე.წ. დაზარალებული სიბაშვილისა და სხვა პოლიციელების მხრიდან, რაც მის დაკავებასთანაა დაკავშირებული. ანუ პარასკევს სოფო ნიკოლაშვილი დაკითხვის დროს დააფიქსირებს რეალურად რა მოხდა“, - ამბობს მამუკა ნოზაძე.

მისივე განმარტებით, ამავდროულად, მთავარი პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს არ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება, დაცვის მხარის დანარჩენ მოთხოვნებთან მიმართებაში:

“კერძოდ, ნიკოლაშვილის საქმის კახეთის რეგიონისთვის აცილებას ვითხოვთ; ე.წ. დაზარალებულის გიორგი სიბაშვილის და მისი მამის, გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილის, გოჩა სიბაშვილის თანამდებობრივი უფლებამოსილების თაობაზე გვაქვს მოთხოვნა წარდგენილი და ასევე, ჩვენი მოთხოვნაა დაიწყოს გამოძიება გიორგი სიბაშვილის მიმართ.

სოფო ნიკოლაშვილის სისხლის სამართლის საქმე გურჯაანის პროკურატურიდან კახეთის საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა. მიმაჩნია, რომ ამით გრძელდება უკანონობა ნიკოლაშვილის მიმართ შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან მიმართებაში, რადგან კახეთის საოლქო პროკურატურას ხელმძღვანელობს გიორგი ჩივიაშვილი, რომელიც არ გამოირჩევა ობიექტურობით და ცნობილია საქმეების ფალსიფიკაციით, რასაც მისი წარსული საქმიანობა ადასტურებს.

მაგალითად გურამ შარაძის მკვლელობის საქმის დასახელებაც საკმარისია, რის შემდეგაც ჩივიაშვილი ჯერ გურჯაანის გამგებელი გახდა, შემდეგ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გურჯაანიდან და ბოლოს კახეთის საოლქო პროკურორი. ჩივიაშვილი კახეთში პრეზიდენტის რწუნებულის, გიორგი ღვინიაშვილის კადრად ითვლება. ღვინიაშვილის პირველი მოადგილე, გიორგი სიბაშვილი კი ე.წ. დაზარალებულ გიორგი სიბაშვილის ბიძაა. ღვინიაშვილის მოადგილე გიორგი სიბაშვილის მიერ, რადიო “ჰერეთისთვის“ მიცემული ინტერვიუები იმის აშკარა დადასტურებაა, რომ ეს ადამიანი ნიკოლაშვილის საქმეზე ზეგავლენას ახდენს“.