გუშინ ლონდონში მუსიკალური “Brit Awards”-ის გასული წლის ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
2011 წლის საუკეთესო ბრიტანულ ალბომად ადელის ჩანაწერი “21” დასახელდა. მომღერალმა მიიღო საუკეთესო ქალი შემსრულებლისათვის განკუთვნილი ჯილდოც.
ადელი ერთდროულად სამ ნომინაციაში იყო წარმოდგენილი. გაიმარჯვა ორ კატეგორიაში. ასევე ორი პრიზი გადაეცა მომღერალ ედ შირანს – “წლის მოულოდნელობა” და “საუკეთესო მამაკაცი შემსრულებელი”.
გასული წლის საუკეთესო ბრიტანულ კომპოზიციად ჯგუფი “One Direction”-ის სინგლი “What Makes You Beautiful” აღიარეს. საუკეთესო ბრიტანულ ჯგუფად კი “Coldplay” დასახელდა.
გასული წლის საუკეთესო უცხოელი შემსრულებლებისათვის განკუთვნილი ჯილდოები ბრუნო მარსსა და რიანას გადაეცათ. “Foo Fighters”კი საუკეთესო უცხოურ ჯგუფად დასახელდა. ამერიკელმა მომღერალმა ლანა დელ რეიმ “გასული წლის საუკეთესო დებიუტისათვის” განკუთვნილი პრიზი მიიღო.
ბრიტანული პოპულარული მუსიკის ისტორიაში შეტანილი დიდი წვლილისათვის ჯგუფს “Blur” სპეციალური ჯილდო გადაეცა. ბრიტანელი მუსიკალური კრიტიკოსების რჩეული კი შოტლანდიელი მომღერალი ემელი სანდე გახდა.