„ჩემი შვილი ან სამთავრობო ესკორტმა გაიტანა, ან პოლიციის ავტომანქანამ“

„ჩემი შვილი ან სამთავრობო ესკორტმა გაიტანა, ან პოლიციის ავტომანქანამ“

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად დაღუპული 38 წლის გელა თოდუას ოჯახი მკვლელის დაკავებას და გამოძიების ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს. გარდაცვლილის ნათესავები სამართალდამცავებს ტენდენციურობაშიც ადანაშაულებენ და ეჭვობენ, რომ დამნაშავე თავად პოლიციელი, ან ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირია. გელა თოდუას მშობლები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ სიკვდილის პირას მყოფი მათი შვილი ავტოავარიის რეალური ადგილიდან სხვა ტერიტორიაზე გადაიტანეს.

რევაზ თოდუა, გარდაცვლილის მამა: „გასაგებია, რომ უბედური შემთხვევაა, მაგრამ რატომ არ არის დაკავებული ამ დრომდე ჩემი შვილის მკვლელი? ამ საქმის ირგვლივ ყველაფერი ბურუსითაა მოცული. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ შვილი 31 იანვარს, სოფელ კახათთან მომიკლეს. უცნაურია ის, რომ მანქანის შეჯახების ხმა ვიწრო დასახლებაში ვერავინ გაიგო, როცა ჩემი შვილი ფაქტობრივად გარდაცვლილი იყო. აბსოლუტურად ყველა სასიცოცხლო ორგანო დაზიანებული ჰქონდა, მხოლოდ გული უძგერდა. თავის მძიმე ტრამვებითა და მრავალი მოტეხილობით სასწრაფო დახმარების ბრიგადას ზუგდიდის საავადმყოფოში გადაუყვანია, მაგრამ ოპერაციის მიმდინარეობისას გარდაცვლილა. უცნაურია ისიც, რომ სამედიცინო ჩარევის საფასური ოჯახისთვის არავის მოუთხოვია, როცა ასეთი პრეცენდენტი ქალაქის მრავალპროფილიან საავადმყოფოში არ მომხდარა. ვინ გადაიხადა ის თანხა? იქნებ მკვლელმა, რომელსაც ე.წ. გამოძიება ხელს აფარებს? გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი იმ ადგილას მიიტანეს და დააგდეს, სადაც მერე თითქოს შეჯახების ადგილი გახდა. იქ არც შუშის ნამსხვრევი იყო და არც სისხლის კვალი. იყო მხოლოდ ლაქა, როცა ჩემს შვილს საავადმყოფოში მიყვანამდე სამი ლიტრი სისხლი უკვე დაკარგული ჰქონდა. საქმეში არ დევს მტკიცებულებად ჩემი შვილის სამოსიც. ქურთუკიც თურმე დაიკარგა. ან საიდან გაჩნდა ღამის 10 საათისთვის ზუგდიდის გამგებელი ალიკა ქობალია? რომელიც თურმე, როგორც თვითმხილველები ამბობენ, სასწრაფო დახმარების ექიმებს დროული დახმარების აღმოჩენაზე უთითებდა? იქნებ მას აქვს რაიმე ინფორმაცია შეჯახებაზე. დაკითხა ვინმემ? რახან ჩემი შვილის მკვლელობის გახსნა აქამდე არ მოხდა, საფუძვლიანად შემიძლია ვივარაუდო, რომ იგი ან ანაკლიიდან მომავალმა სამთავრობო ესკორტმა ან პოლიციის მანქანამ გაიტანა.“

ავტოავარიისა და ძმის გარდაცვალების საქმეზე საეჭვო გარემოებების არსებობასთან დაკავშირებით presage.tv-სთან ლელა თოდუაც საუბრობს. იგი ისეთ დეტალებზე მიუთითებს, რაც საფუძვლიან ეჭვს უდავოდ გამოიწვევს.

ლელა თოდუა, გარდაცვლილის და: „31 იანვრის ღამეს ჩემი ძმა მარტო არ ყოფილა. მას მეგობარი, ელდარ კუხალეიშვილი ახლდა. ორივე ნასვამ მდგომარეობაში ყოფილან. გზად, სოფელ კახათში, მათ ახლობელთან, გოგიტა კირცხაიასთან სახლში შეუვლიათ. ცოტა ხანში მას ორივე ჩვენი სახლის გადასახვევამდე საკუთარი მიკროავტობუსით გაუყვანია. ავტოავარიაც მისი წასვლის შემდეგ მომხდარა. გზის სავალ ნაწილზე დაგდებული, ჯერ კიდევ ცოცხალი ჩემი ძმა ანაკლიიდან მიკროავტობუსით მომავალ მუშებს შეუნიშნავთ. სავარაუდოდ, მომხდარიდან ნახევარი საათის შემდეგ.  კუხალეიშვილის პოლიციისათვის მიცემული ჩვენებიდან ვიცით, რომ მას ჩემი ძმა თურმე მოულოდნელად დაეკარგა, ტრასაზე ვეღარ იპოვა და ზუგდიდისკენ გზა ტაქსით გაუგრძელებია. ეს ყველაფერი უცნაურია იმიტომ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ელდარ კუხალეიშვილი მეორე დილით საკუთარ სახლში, ონარიას დასახლებაში აიყვანეს და ხულიგნობის ბრალდებით 10 დღიანი ადმინისტრაციული სახდელი დააკისრეს. საკუთარ სახლში გამთენიისას რა ეხულიგნებოდა, არ ვიცი, თუმცა ყველაფერი ცხადია. იგი დღემდე გვემალება. გათავისუფლების შემდეგაც არ მისულა მეგობრის საფლავზე და მისი ოჯახისთვის არც სამძიმარი უთქვამს. იმავე დღეს დააკავეს მიკროავტობუსის ის მძღოლი, გოგიტა კირცხაიაც, რომელიც მათ გადაადგილებაში დაეხმარა და პოლიციამ მასაც 10-დღიანი ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა. ასეთი ქმედებებით ჩვენი საამაყო პოლიცია დანაშაულის დაფარვას და მოწმეების დაშინებას შეეცადა. დარწმუნებული ვარ, რომ კუხალეიშვილმა იცის, ვინც გაიტანა ჩემი ძმა და პოლიციისა და დაპატიმრების შიშით დღემდე დუმს. დუმს ყველა, გამოძიებაც და თვითმხილველებიც. ჩვენ შეჩერებას არ ვაპირებთ. პირად საუბრებში ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები საქმის გაუხსნელობითაც „გვაიმედებდნენ“. „გვირჩევდნენ“, ზედმეტი ხმაურისა და ჟურნალისტებთან კომენტარისაგან თავი შეგვეკავებინა.“

სტატაიში ნახსენებ პირებთან დაკავშირებას presage.tv მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. სატელეფონო ზარებს არც გამგებელი ალექსანდრე ქობალია და არც პოლიციის მაღალჩინოსნები პასუხობდნენ. კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა ელდარ კუხალეიშვილთან და გოგიტა კირცხაიასთან. თუ რომელიმე მათგანი სურვილს გამოთქვამს განმარტებების გაკეთებაზე, იგი უსათუოდ დაიბეჭდება.