დიტო გელოვანი: Don`t Let Me Down

დიტო გელოვანი: Don`t Let Me Down

[დიტო გელოვანი. ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში - “ვერსია”]

მართლაცდა, განა ცხადი არ არის, რომ ზნეობრივად (და, მაშასადამე, გონებრივად) მცენარე გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ადამიანი? მცენარეს არა აქვს პატივმოყვარეობა (ამ მხრივ ტარაკანამაც კი დიდად გაგვისწრო), არა აქვს ეგოიზმი, არავის ჩაგრავს, არავის ძარცვავს, არავინ სძულს, ამაო და უაზრო სურვილები არ აფორიაქებს და გუნებას არ უშხამავს. მცენარე უანგაროა, ნაყოფს ისე იძლევა, რომ დაწინაურებას არ ითხოვს. ერთი სიტყვით, მცენარეს აქვს ყველა ის ნიშანი, რაც, დიდ ბრძენთა, დიდ ფილოსოფოსთა და დიდ სულიერ მამათა აზრით, უნდა შეიძინოს ადამიანმა, რათა განვითარების საბოლოო მიზანს მიაღწიოს და დანიშნულების ადგილას მივიდეს.

(ჯემალ ქარჩხაძე, “სოლომონიანი”)

 

2010 წლის 9 ოქტომბერი – ჯონ ლენონის დაბადების 70 და ჯიმ მორისონის გარდაცვალების 39 წლისთავი – საკმაოდ საინტერესოდ აღინიშნა. ზოგი ბითლზ-კლუბში შეიკრიბა და ზოგმაც ბეთანიას მიაშურა. რა თქმა უნდა, მთავარი გმირი იუბილარი იყო. წარმოგიდგენიათ – ჯონი 70 წლის გახდა! სამი წლის შემდეგ ჯიმიც გახდება 70 წლის და ვნახოთ, რა ხასიათზე ვიქნებით სამი წლის შემდეგ. ვნახოთ, სად ვიქნებით და ვნახოთ, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მანამდე კი ხელისუფლებაში არიან ესენი და ლენონის იუბილე სწორედ ისე აღნიშნეს, როგორც ამათ შეეფერებათ – ბათუმში ქულიო ჩაიყვანეს და ჩემი მეგობარი სააგენტო ამ ამბავს სწორედ იმ სიტყვებით იუწყებოდა, რა სიტყვებითაც ეს ამბავი, ალბათ, კულტურის სამინისტროდან აცნობეს - “ბათუმში ქულიო იმღერებს. ცნობილი რეპერის კონცერტი ოქტომბრის Weekend ტურების ფარგლებში გაიმართება”.

 

აი, ეს კი სწორი იყო – ფარგლებში გაიმართებაო. რეპის ადგილი მართლაც რომ ფარგლებშია. თუმცა, არა მგონია ნინა წკრიალაშვილს და მის თანამშრომლებს (ერთად შრომობენ, ოფლს ღვრიან) შეგნებულად ეთქვათ. ეგენი შეგნებულად მხოლოდ ერთ წინადადებას ამბობენ: “ერთ ბილეთი სოხუმამდე”.

 

ასე იყო თუ ისე, რუსლანას და ტოტო კუტუნიოს ღირსეული მემკვიდრე გამოუჩნდათ ქუუუულიოს სახით, თან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმ დღეს, რა დღესაც ჯონ ლენონს 70 წელი შეუსრულდა.

 

ახლა იმის მეშინია, კიდევ რაღაცის ფარგლებში 13 ოქტომბერს ბორითში კობზონის კონცერტი არ ჩატარდეს ალინა კაბაევას ბექ-ვოკალებით. მართლა მეშინია. სანამ შემეშინდებოდა, ყველაფერი გავიხსენე, ისიც გავიხსენე, რომ 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა და რომ საქართველოში დღეისათვის ოფიციალურად დაახლოებით 100 ათასი ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანია აღრიცხული.

 

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, სწორედაც რომ 10 ოქტომბერია. ვათვალიერებ ნიუსებს და გასულ კვირას ვიხსენებ. ზოგ ამბავს თვითონ ვიხსენებ, ზოგსაც სააგენტო მახსენებს. გასულ კვირაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საერაშორისო პროექტების პროდიუსერმა, ნათია უზნაძემ შეგვახსენა, რომ “ევროვიზიის” ფინალი გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში 2011 წლის 14 მაისს გაიმართება.

 

წავიკითხე და დავიბენი... ამ დღეს ხომ თამარ მეფე დაიბადა! ამ დღეს ხომ მეც დავიბადე! ნუთუ ჩვენ გვეძღვნება?! 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა... არავითარი მე და თამარ მეფე!!! “ევროვიზიის” ფინალი ეძღვნება თბილისის “დინამოს” მიერ თასების თასის მოპოვების 30 წლის თავს. 1981 წელი იყო, 13 მაისი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მოხდა დიუსელდორფში. ჰოდა, მე მგონია, რომ გერმანიამ და “ევროვიზიის” მონაწილე ქვეყნებმა ამით ერთხელ კიდევ ერთხელ აღიარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

 

ახლა, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ დეკემბერს, როდესაც უნდა გაირკვეს “ევროვიზიის” ქართველი ფინალისტის ვინაობა. ეს, ალბათ, 21 დეკემბერს მოხდება. ამ დღეს აღინიშნება მიხეილ სააკაშვილის დაბადების 43 და მის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობაზე ფიქრის დაწყების 39 წელი. მოკლედ, დაველოდოთ. მანამდე კი, იყო გასული კვირა და იყო ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში.

 

ვანო მერაბიშვილმა რუსულ სააგენტოს ინტერვიუ მისცა და სიამაყით განაცხადა, ადრე პოლიციელებს “ძაღლებს” ეძახდნენ, თუმცა დიდი ხანია ვინმესგან ეს სიტყვა არ მომისმენიაო. დამნაშავეების ტელეფონებს ვუსმენთ. ამ სიტყვას ისინიც კი არ ამბობენო... ჩამოთვალა რაღაც-რაღაცეები და ბოლოს გაამაყდა - თუ ამას ჩავთვლით პოლიციურ სახელმწიფოდ, მაშინ ვამაყობთ, რომ ასეთი სახელმწიფო გვაქვსო.

 

ვერაფერს იტყვი – ბევრ რამეში ვანო მართალია, მაგრამ რაც არ მომეწონა, არის ის, რომ სახელმწიფოს ხერხემალი მხოლოდ პოლიციით ამაყობს და სხვას ვერაფერს ამჩნევს. მაგალითად: გასულ კვირაში განათლების სამინისტრომ  ცეკვის პედაგოგების კონკურსი გამოაცხადა; ქსნის კოლონიაში პურის ქარხანა გაიხსნა და იმავე დღეს იქვე ჭადრაკის ტურნირიც გაიმართა; ლენტეხში ქართულ ჭიდაობაში პრეზიდენტის სახელობის გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა; რომელიღაც სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს მაღალი საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა...

 

ზვიადასი, ეძიკასი და მიშასი არ იყოს, ამის არდანახვა შეუძლებელია.

 

პირადად მე პოლიციურ სახელმწიფოს განათლებული სახელმწიფო მირჩევნია და, ვფიქრობ, ქვეყანა ამ გზით მიდის. როგორც გითხარით, ჩატარდა ცეკვის მასწავლებლების კონკურსი; პატიმრებმა გამოაცხვეს პური და ითამაშეს ჭადრაკი, სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ მასწავლებლის ხელფასი 400-600 დოლარს აღწევს...

 

თუმცა, სანამ პოლიციური სახელმწიფოდან განათლებულ სახელმწიფოდ გადავიქცევით, საჭიროა რაღაც შუალედური და ამ შუალედურს განათლებულ-პოლიციური სახელმწიფო ეწოდება.

 

ქსანში პატიმრები პურის გამოცხობას რომ ისწავლიან, არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანი საცხობიდან პირდაპირ მინისტრის სავარძელში აღმოჩნდეს. ალბათ, გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერა ქობალია პირველად მაშინ იხილა, როდესაც ეს უკანასკნელი თონეში ჩამხობილი ბეჯითად ცდილობდა ლავაშის ჩაკვრას. ზაზა ბეგაშვილი მას შემდეგ დაინიშნა საქართველოს ელჩად ჩინეთში, როცა ნარდში პირველ გაგორებაზე შაში-ბეშის სვლა დაიმახსოვრა. კობა ბექაური მას შემდეგ გახდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე, როდესაც ჯუზეპე ვერდისა და ეფრემ ვერდის ერთმანეთისგან გარჩევა ისწავლა. ასე რომ, სწავლა სინათლეა, უსწავლელობა – სიბნელე.

 

“განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა, ხატია დეკანოიძემ 27 მანდატურს სერტიფიკატები გადასცეს” - იუწყებოდა მეგობარი სააგენტო.

 

ბავშვებს უყვართ სახელების შემოკლება, მათ ყველაფრის შემოკლება უყვართ. მაგალითად მასწავლებელი - მასწ. მალე იქნება მანდატურები - ტურები. საერთოდ, ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ცნობილი ადამიანები სახელებს იმოკლებენ. გავიხსენოთ ჯიმი კარტერი და გიგა ბოკერია, ბილ კლინტონი და გიგი უგულავა, ელ გორი და თათა ვარდანაშვილი... ამ ბოლო დროს კი, პრესაში ხშირ-ხშირად ახსენებენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, კოკა სეფერთელაძეს.

 

გასაგებია, რომ ბილ კლინტონი არის უილიამ კლინტონი, ხოლო თათა ვარდანაშვილს პასპორტში თამარ ვარდანაშვილი უწერია. და რა არის ბატონი კოკას სრული სახელი – კონსტანტინე თუ ნიკოლოზი? სანამ ამას გავიგებ, ჩემი შვილის საპატივცემულოდ ჩავთვლი, რომ კოკას ჰქვია ნიკოლოზი და ბაბუაჩემის საპატივცემულოდ კოლასაც დავუძახებ.

 

წეროვანის საჯარო სკოლის დევნილ მოსწავლეებს განათლების მინისტრის მოადგილემ კოკა (კოლა) სეფერთელაძემ და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თენგიზ გოგოტიშვილმა ნატო-ს მნიშვნელობაზე ლექცია წაუკითხეს.

 

დიახ, ნატოს დიდი მნიშვნელობა აქვს. რომ არა ნატო, არ იქნებოდა ნატოს საინფორმაციო ცენტრი და რომ არა ნატოს საინფორმაციო ცენტრი, თენგიზ გოგოტიშვილი ვერ ეღირსებოდა წეროვანის დევნილი ბავშვებისთვის კოკა (კოლა) სეფერთელაძესთან ერთად ლექციის ჩატარებას. შეგახსენებთ, რომ ექსპერტმა გოგოტიშვილმა ამ თანამდებობაზე ცნობილი სამხედრო ანალიტიკოსი ნანუკა ჟორჟოლიანი შეცვალა, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მთავრობა ნატოს.

 

“როდესაც ნატო-ზე ინფორმაციას ომგამოვლილ ბავშვებს უზიარებ, შეხვედრა ორმაგ დატვირთვას იძენს”, - აღნიშნა კოკა სეფერთელაძემ. დიდებული სიტყვებია. მოსწავლეებმა საჩუქრად ნატო-ს ლოგოთი ბრენდირებული გაკვეთილების ცხრილიც მიიღეს. დიდებული საჩუქარია. ომი რომ არა, ნატოზე ინფორმაციას ნამდვილად არ ექნებოდა ორმაგი დატვირთვა. მადლობა რუსეთის 58-ე არმიას.

 

მადლობა, ავთო, ახალი კონსტიტუციისთვის და მიიღე ჩვენგან მოკრძალებული საჩუქარი: “კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი მომავალ წელს, სავარაუდოდ, 800 ათასი ლარით დაფინანსდება. ცენტრი ბათუმში იქნება და მას ყოფილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი უხელმძღვანელებს”.

 

ვერ გეტყვით, როდის და რა ფარგლებში გაიმართება ცენტრის პრეზენტაცია, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პრეზენტაციაზე ცნობილი რეპერი სნუპ-დოგი “იმღერებს”.

 

რა თქმა უნდა, ურიგო არ იქნებოდა სიმფონიური ორკესტრიც, მაგრამ როგორც ირკვევა, ორკესტრის წინააღმდეგ გაილაშქრეს გენდერული ბალანსისთვის მებრძოლმა ორგანიზაციებმა – დოლზე შემომკვრელებად მხოლოდ კაცები მუშაობენო. თუმცა, როდესაც გასულ კვირაში გაირკვა, რომ ქალ მსჯავრდებულებს საკუთარი ხარჯით თვეში 4 სატელეფონო საუბრის განხორციელების უფლება მიეცათ, ხოლო მსჯავრდებულმა კაცებმა მხოლოდ ბუს კვერცხები მიიღეს, არც ერთ აღნიშნულ ორგანიზაციას ხმა არ ამოუღია, გენდერული ბალანსი ირღვევაო და მამაკაცთა უფლებები ილახებაო. არ არის გამორიცხული, რომ ამ დროს მათი ყურადღება ჩემნაირებისკენ იყო მიმართული (“ემანდ რამე არ გაბედონ”), რადგან ჩემნაირების ყურადღება იყო მიმართული სომხეთისკენ.

 

“საქართველოსთან კარგი ურთიერთობის ფასი საკმაოდ დიდია. ამ ფასად ვკარგავთ ჯავახკს, ვინაიდან იქიდან სომხების მასობრივი ემიგრაცია მიმდინარეობს. თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდება, ჩვენ დავკარგავთ ჯავახკს. ამ შემთხვევაში საქართველოსთან მეგობრობა არ გვჭირდება, ძალიან რომც გვთხოვონ, მაინც”, - აღნიშნა სომხეთის პარლამენტის წევრმა ტოროსიანმა. 

 

აბა, ქართველო ენჯეოშნიკებო, თხოვეთ ძალიან, მიეცით ძალიან და მოგეცემათ ძალიან. ანუ, თხოვეთ მეგობრობა, მიეცით “ჯავახკი” და მოგეცემათ გრანტი.

 

ქართულ პოლიტიკას ახალი პარტია მიეცა. ოქრუაშვილის პარტიის პრეზენტაცია დღეს, 11 ოქტომბერს იგეგმებოდა, მაგრამ 12 ოქტომბრისთვის გადაიტანეს. პარტიის სახელწოდება ჯერ დაახლოებითაც არავინ იცის. ყველა ლამაზი სიტყვა დაკავებულია, მაგრამ არ არის გამორიცხული ოქრუაშვილმა სიურპრიზიც შემოგვთავაზოს. მაგ. ოქრუაშვილის წინა პარტიას ერქვა “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” და მაგარი იქნება, თუ ამას “უძრაობა ორიანი საქართველოსთვის” დაერქმევა. ანაც - “ორიანი ინტერნაციონალური უძრაობა”. ოქრუაშვილის იმის წინა პარტიას ხომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ერქვა.

 

კოკა გუნცაძის წინა პარტიების სახელები არ მახსოვს. ბოლო 12-13 პარტიას კი გავიხსენებდი, მაგრამ დანარჩენმა 12-13-მა რა დააშავა? აწი, შევეცდები, მომდევნო 12-13-ის სახელწოდება მაინც დავიმახსოვრო, თორემ სირცხვილია, არ არის ლამაზი.

 

გადაწყდა, რომ ახალი პარტიის ოფისი უზნაძის 113-ში (განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებს შორის. ო, რა სიმბოლურია...) განთავსდება. ისიც ცნობილია, რომ ფასადს ამ წუთებში ღებავენ. ჰოდა, მავანს და მავანს მოვუწოდებ, ფრთხილად შევიდეს, თორემ ერთხელ თუ ლაქა აიკიდა, მერე ვეღარ მოიშორებს.

 

საინვესტიციო და დეველოპერულმა კომპანია “დექსუსმა” “ცენტრ-პოინტის” მომხმარებლებისთვის მიმართვა გაავრცელა – ახალი ხელშეკრულებები გავაფორმოთ და სამ წელიწადში ყველა ობიექტს დავასრულებთო. ახალი ხელშეკრულებები იმისთვის სჭირდებათ, რომ “ცენტრ-პოინტის” გადასახდელი ჯარიმები არ გადაიხადოს. რაც შეეხება სამ წელიწადს... ეს სამი წელიც გავა და “დექსუსის” ობიექტებს, რიგრიგობით, სამ-სამი წლის ინტერვალით, გადაიბარებენ “სექსუსი”, “პლექსუსი” და “ნეკსუსი”.

 

“მომხმარებლებსა და კრედიტორებს ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ არსებულ რეალობას და ხელი შეუწყონ აღნიშნულ პროცესს”, - ნათქვამია კომპანიის მიმართვაში. კომპანიის აზრით, მთავარია გაგება. კრედიტორების აზრით, მთავარია მეობა, ხოლო მომხმარებლები ფიქრობენ, რომ მთავარია შენობა. ხოლო ჩვენთვის, ყველასთვის, მთავარია, რომ გიორგი ბარამიძე სამუშო ვიზიტით რუმინეთში იმყოფება, სადაც წიგნის “რუსეთ-საქართველოს ომი” პრეზენტაციას დაესწრო.

კოკა (კოლა) სეფერთელაძეს დავესესხები: როდესაც ომის შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაციას ომგამოვლილი ქვეყნის ვიცე-პრემიერი ბუქარესტში ესწრება, პრეზენტაცია ორმაგ დატვირთვას იძენს.

 

“კიდობანში” ჩატარებული სპეცოპერაცია 170-მაგი მნიშვნელობის იყო, რადგან 170 მეწარმე დააპატიმრეს, ხოლო საავადმყოფოებში ჩატარებულმა დაპატიმრებებმა 10-მაგი მნიშვნელობა შეიძინა.

 

“თბილისის საკრებულოს დეპუტატები თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ამანათებს გაუგზავნიან. საქველმოქმედო ღონისძიება 16 ოჯახის დახმარებას ითვალისწინებს” - როდესაც იმ 170-მაგი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცის შემდეგ ამ 16-მაგი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას გავეცანი, ვიფიქრე, ეს ოჯახები ამანათებს ციხეში მიიღებენ-მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი.

 

თუმცა, ჩემი შეცდომა რა მოსატანია, როდესაც, თურმე, თვით ქართული პარაფსიქოლოგიის (ქართულ პარაფსიქოლოგიას განუმეორებელი სტილი და თვითმყოფადობა ახასიათებს) მამა, ირაკლი ლომაიაც კი ცდება. ლომაიამ თქვა, ჟურნალისტმა ხათუნა პაიჭაძემ დამირეკა და ფულს მძალავდაო. ხათუნამ უჩივლა და 50 ათასს ითხოვს. ლომაია დარცხვენილია და ადვოკატის პირით აცხადებს, შევცდიო, ვინც დამირეკა, პაიჭაძედ გამეცნო და მე ხათუნა პაიჭაძე მეგონაო. ისე, ჩვენში დარჩეს და, რატომ ბორის პაიჭაძე ან ხათუნა კალმახელიძე არ ეგონა? კაცმა რომ კითხოს, პარაფსიქოლოგი ვარო და მიწის ქვეშ რა ხდება, ისიც ვიციო.

შეეშალა ბიჭს... წამლის ნაცვლად წყალს რომ აძლევდა და ბენზინს ვირის შარდით რომ აზავებდა? სამაგიეროდ, თვალდახუჭული არჩევს ოქროს სინჯს და  წონის ბრილიანტს

 

“მე მოგიწოდებთ, რომ საქმე მორიგებით დასრულდეს. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და სარჩელი გავიწვიოთ”, - განაცხადა ლომაიას ადვოკატმა. ვენაცვალე, ძლიერია და ძლიერი სვლაც გააკეთა, ორმაგი დატვირთვის. ხათუნა, ძვირფასო, არ ჩამოართვა ირაკლი ლომაიას ადვოკატს ხელი, მაგას ხომ ირაკლი ლომაიასთვის ექნება ხელი ჩამორთმეული და მე რომ შემხვდები, ხომ უნდა ჩამოგართვა ხელი? და იმას თუ ჩამოართმევ ხელს, მე შენ ხელს აღარ ჩამოგართმევ.

 

ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა და კობა დავითაშვილი კიევში ბრძანდებოდნენ - ვიზიტის მთავარი მიზანი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრობლემა იყოო. დარწმუნებული ვარ, საქმე ხელის ჩამორთმევის იქით არ წავიდოდა. ჩამოართვეს ხელი იულია ტიმოშენკოს და წამოვიდნენ. აბა, კახა შენგელიას მტერმა ჩამოართვას ყოველ დღე ხელი!

 

გასულ კვირაში ორი ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა – ზურაბ ნოღაიდელმა ბოლოჯერ ჩამოართვა ხელი ლადო ბოჟაძეს და ზურაბ ნოღაიდელმა და ლადო ბოჟაძემ პირველად აგინეს ერთმანეთს.

 

“არჩევნების შედეგების დეტალურმა ანალიზმა ღალატის კონკრეტული ფაქტები გამოავლინა. კერძოდ, ვანო მერაბიშვილის უწყების მიერ შემოგზავნილთა შორის აღმოჩნდა ვლადიმერ ბოჟაძე” - ეს ახალი ამბავი ნოღაიდელის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. განცხადებაში, აგრეთვე, ნათქვამია ის, რაც ისედაც კარგად ვიცით ჩვენ და კაცობრიობის პროგრესულად მოაზროვნე ნაწილმა: “ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის ერთიანობისთვის, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისთვის”.

 

მიდით, გააგრძელეთ და როდესაც დაიღლებით, ცოტა დაისვენეთ და მერე მრგვალი ვირი ითამაშეთ.

 

“ქრისტიან-დემოკრატი” ლევან ვეფხვაძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით, მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იმპულსურობის გათვალისწინებას ითხოვს...”

 

ქართველი ხალხის იმპულსურობაც გაითვალისწინეთ. გაითვალისწინეთ, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ბედმა მოთმინების პატარა ფიალა გვარგუნა.    

 

... (სოლომონი ბრძენი იყო) ეს დაკვირვება სოლომონს არავისთვის გაუზიარებია, რადგან სამართლიანად შიშობდა, რომ ადვილი შესაძლებელი იყო, ვინმეს გიჟად ჩაეთვალა.

(ჯემალ ქარჩხაძე, “სოლომონიანი”)