ნადირობა პედაგოგებზე და ჩვენებური ნაციონალების განსაკუთრებული თავისებურებანი

ნადირობა პედაგოგებზე და ჩვენებური ნაციონალების განსაკუთრებული თავისებურებანი

საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით  ბოლო  დროს  აქტუალური გახდა. „უჩინარი ხელი“ განსაკუთრებით აქტიური და გამორჩეული საჯარო სკოლებშია. აღსანიშნავია, რომ სამსახურიდან პედაგოგთა დათხოვნის ფაქტების გახშირება დროში დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ აქტიურობას.

საჯარო მოხელეების და განსაკუთრებით პედაგოგების სამსახურებიდან გათავისუფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თუმცა გამორჩეულად საჩხერის რაიონის სოფლებში და უფრო მეტად ივანიშვილის მშობლიური სოფელ ჭორვილაში ხდება. თუმცა საგულისხმოა, რომ პედაგოგების გათავისუფლება საჩხერიდან არ დაწყებულა მანამდე იყო კახეთში, გორში... 

6 იანვარს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი თამარ სუხიაშვილი, დირექტორის ბრძანების საფუძველზე, სამსახურიდან დაითხოვეს. თუმცა სუხიაშვილი მისი გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით ხსნის.

მისი განცხადებით იგი, არჩევნების პერიოდში „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო კომისიის (და არა პარტიის) წევრი იყო. სუხიაშვილი ბოლოს პოლიტიკური „აქტიურობაში“ მაშინ გამოიჭირეს, როცა ეხმარებოდა პიროვნებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდა. ალბათ „დასაფასებელია“ კაკაბეთის სკოლის დირექტორის ამაგი, როცა  პედაგოგ სუხიაშვილის  „გადასარჩენად“ და პოლიტიკური აქტიურობის გასანეიტრალებლად გასული წლის 23 დეკემბერს, სუხიაშვილს, სასწავლო ნაწილის გამგე ლუიზა შენგელია სახლში მიუგზავნა. სასწავლო ნაწილის გამგემ დირექტორის  დანაბარები  გადასაცა:

იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყვეტდა ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას, მაშინ აუცილებლად მოუწევდა სამსახურის დატოვება. 5 იანვარს კაკაბეთის საჯარო სკოლის საბჭოს სხდომა ჩატარდა, დირექტორმა პედაგოგ თამარ სუხიაშვილს მადლობა  კვალიფიციური მუშაობისთვის გადაუხადა. მეორე დღეს კი სკოლიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. როცა სუხიაშვილისგან უარი მიიღო - უთხრა, რომ მას უკვე გამზადებული ჰქონდა ბრძანება სუხიაშვილის სამსახურიდან წასვლის შესახებ, და უთხრა, რომ ეს ყველაფერი ზევიდან იყო ნაბრძანები.

9 იანვარს გორის მე-9 საჯარო სკოლაში, 22 წლის სტაჟის მქონე სერთიფიცირებული პედაგოგი ია ბჟალავა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გაათავისუფლა. იმავე სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ კი არასერთიფიცირებული პედაგოგი, საკრებულოს ნაციონალი წევრის სანდრო მეზვრიშვილის მეუღლე დანიშნეს.. ია ბჟალავას მეუღლე თამაზ მაყაშვილი ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია. 

11 იანვარს უჩინარი ხელი გორის რაიონის სოფელ სკრის საჯარო სკოლის უცხო ენის პედაგოგს მარიამ კოხტაშვილსაც მისწვდა. ის  დირექტორმა სკოლიდან ზეპირი განცხადებით გაათავისუფლა.  მარიამ კოხტაშვილს, „რესპუბლიკური პარტიის“ გორის რაიონული ორგანიზაციის წევრ ემზარ ჭონიშვილის დედაა.

ასევე დაითხოვეს გარდაბნის რაიონის მე-3 საჯარო სკოლიდან „რესპუბლიკური პარტიის“ რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის წევრ თემურ გასანოვის მეუღლე საიატ გასანოვა.

ხელისუფლების გათვლებით განსაკურებით აქტიური და საშიშები აღმოჩნდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების და განსაკუთრების ჭორვილას საჯარო სკოლის პედაგოგები. 12 იანვარს ჭორვილას საჯარო სკოლიდან სასწავლო ნაწილის გამგე თემურ კაპანაძე და პედაგოგები - ნონა შუკაკიძე, ლევან ივანაშვილი, ნონა ტყემალაძე, ირმა გუდაძე, თინა და მურმან კაპანაძეები დაითხოვეს. მათი ბედი გაიზიარა სოფელ სარეკის სკოლის პედაგოგმა მთვარისა მელაძემ.

ისინი მათი გათავისუფლების მთავარ მოტივად ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე ხელის მოწერას  ასახელებენ.

საგულისხმოა, რომ „ურჩი“ პედაგოგები სკოლის დირექტორმა ნოდარ გოგატიშვილმა პედაგოგიურ კოლექტივთან შეხვედრისას წინასწარ  გააფრთხილა, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე, ხელი არ მოეწერათ. 

უშუალოდ ტექსტის ავტორი, პედაგოგი, ლევან ივანაშვილი აცხადებს რომ გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკური აქტიურობა დაუსახელეს.

„პოლიტიკურად აქტიორობაში ჩამეთვალა ის, რომ ბატონ ბიძინას მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ტექსტი დავწერე და ამას პედაგოგებმა ხელი მოაწერეს. გამოვიდა ისე, რომ ტექსტზე რესურსცენტრის ხელმძღვანელის შვილსაც აქვს ხელი მოწერილი. როცა რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ეს ტექსტი დავუდე და ვუთხარი რა არის აქ პოლიტიკური მეთქი, არც არაფერიო“, - აცხადებს უკვე ყოფილი პედაგოგი.

საბოლოოდ გაირკვა, რომ ლევან ივანაშვილი არა პოლიტიკური აქტიურობის არამედ ხელშეკრულების „დარღვევის“ გამო გაათავისუფლეს. ჭორვილას სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე და პედაგოგები თავიანთი უფლების აღდგეანს სასამართლოს გზით ცდილობენ. 

თბილისში პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან გაათავისუფლეს პედაგოგი თალიკო ლაგაზაური. მას პედაგოგად მუშაობის 22 წლის სტაჟი აქვს, ის იურისტ ზაქარია ქუცნაშვილის დედაა. ქუცნაშვილი ივანიშვილის გუნდის აქტიური სახეა. ის მიიჩნევს, რომ თალიკო ლაგაზაურის, გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ზაქარია ქუცნაშვილის დედაა. 

არის შემთხვევები, როდესაც პედაგოგები თავად წერენ განცხადებას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა მათი გადაწყვეტილება და სურვილი ერთმანეთს ნამდვილად არ ემთხვევა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი გურამ შუკაკიძე აცხადებებს, რომ განსხვავებულად მოაზროვნე პედაგოგებს „ზემოდან“ ებრძვიან და მათ ადგილობრივების ხელით იშორებენ.

პერევი ქართული და არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის  განსაკუთრებულად ცნობილი 2008 წლის აგვისტოს ომის და მის შემდგომ პერიოდში გახდა. სოფელში რუსი ოკუპანტების შეჭრის და იქ უკანონო საგუშაგო პუნქტის განთავსების გამო პატარა ქართული სოფელი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. რა ხდება დღეს პერევში რატომ დაწერა სკოლის დირექტორმა განცხადება სკოლიდან წამოსვლის შესახებ - presage.tv-ს ამის შესახებ პერევის საჯარო სკოლის აწ უკვე ყოფილი დირექტორი გურამ შუკაკიძე ესაუბრა.

პედაგოგებ  სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები ბოლო დროს გახშირდა. გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს...

- სხვანაირი სიტუაცია იყო, რომ ხომ გაგიგიათ, საცა არ ჯობს გაცლა ჯობსო! დავწერე განცხადება და  წამოვედი. მარტო საჩხერეში თხუთმეტ კაცზე  მეტი გათავისუფლდა   პოლიტიკური ნიშნის გამო: პედაგოგები, სკოლის დირექტორები.

თქვენ ამბობთ, რომ სხვანარი  სიტუაცია იყო. როგორ და როდიდან შეიქმნა ეს სიტუაცია?

– მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. სწორედ მას მერე დაიწყო  სხვადასხვა სახის ზეწოლები პედაგოგებზე. ბევრმა მათგანმა თვითონ არჩია წამოსვლა. ჩემსავით დაწერა განცხადება და წამოვიდა საჩხერის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი. ზოგი გაათავისუფლეს და ყველა შემთხვევაში ეს მოხდა პოლიტიკური ნიშნით. და თქვენ გგონიათ გადაწყვეტილება აქ საჩხერეში მიიღეს? არა, ეს ყველაფერი ზემოთ წყდება.

კონკრეტულად თქვენს შემთხვევაზე რომ ისაუბროთ, ვისი მხრიდან ხდებოდა ზეწოლა, განათლების სამინისტროს  თუ,  გამგებლის მხრიდან?

- კონკრეტულად ვერაფერზე ვერ ვისაუბრებ რადგან, როგორც გითხარით, ეს ყველაფერი ზევიდან, უხილავი ხელით ხდება – ვიღაც გამოწმებს, გიგზავნიან გენერალურ ინსპექციას. მერე გაგრძნობინებენ, რომ ყველაფერი შეგნებულად, შენს გამო ხდება.  თავდაც ხომ ხვდები, რაც ხდება... და ასეთ შემთხვევაში, ჯობია წახვიდე.

რამდენ ხან იყავით სკოლის დირექტორი და როდის დაწერეთ განცხადება, ანუ შეიძლება ითქვას გამოასწარით?

- 1991 წლიდან, მთელი ოცი წელი ვიყავი. თვითონ გადავწყვიტე, ჩემით წავსულიყავი ასე ჯობდა. თუ არ ვცდები, ეს იყო 7 დეკემბერს.

რაც შეეხება სხვა პედაგოგებს, ისინიც ამბობენ, რომ  ზეწოლითა და პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს?

– დიახ ასეა, ზოგი მათგანი სასამართლოში ჩივის, მათ შორის – 4 პედაგოგი და ერთიც ჭორვილას საშუალო  სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე.

თქვენ რატომ არ ცადეთ დაგეცვათ თქვენი უფლებები? გამართლებულად თვლით, რომ განცხადება დაწერეთ და წამოხვედით?

- ჩემი ნაბიჯი ნამდვილად გამართლებულად მიმაჩნია, რადგან ვიცი, რომ სადაც ახლა  ვარ, უფრო მეტს გავაკეთებ. იყო პედაგოგების მხრიდანაც ერთგვარი ერთსულოვნება,  თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, ამით არაფერი არ იცვლება. პროტესტით ამ შემთხვევაში უფრო მეტად დავძაბავდით სიტუაციას. ბატონმა ბიძინამაც არ ჩათვალა საჭიროდ,  რომ ამ პროცესებს საჩხერეში რაღაც განაკუთრებული პროტესტი მოყოლოდა.

როგორ შეიძლება საჩხერეში და არა მარტო აქ, ამ კაცზე, ვინმეს ცუდი დაცდეს, სიკეთის და კარგის გარდა. ყველას ეხმარება, ყველა ოჯახს მისით უდგას სული, უფასო  საავადმყოფო არის სადმე? ხუმრობით რომ ვთქვათ, სოციალიზმია საჩხერეში და აბა  ივანიშვილზე, ვინმეს აქვს ცუდი სათქმელი?!

ქვენ ვინ შეგცვალათ? ვინ გახდა პერევის საჯარო სკოლის დირექტორი?  შეიძლება ითქვას რომ ის ხელისუფლების კადრია?

– რა თქმა უნდა, აბა სხვა ვის მოიყვანდნენ და ვის დანიშნავდნენ?! ნაციონალი დანიშნეს ჩემს ადგილზე, სწორედ ეს იყო მათი მიზანი.

რაც შეეხება პერევს, როგორი სიტუაცია იქ დღეს?  არის თუ არა ხელისუფლების და გამგებლის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება საოკუპაციო ზონის მოსაზღვრე სოფლისადმი?

- რაც ხდებოდა, ისევ ისეა. დიდად არაფერი არ შეცვლილა... რუსის ჯარი დგას ისევ 50 მეტრის იქით, და იქითა ტერიტორიები დაკარგული გვაქვს. უბრალოდ, სათქმელად გავიდნენ სოფლიდან და იქვე არიან გზიდან 30 მეტრში. ხალხი საძოვარზე ვერ დადის. ასეთი მდგომარეობაა, და რაც შეეხება საჩხერის ხელმძღვანელობას, მათ არავინ არაფერს  არ ეკითხება, ზევიდან წყვეტენ ყველაფერს. აქ, ადგილობრივი ხელისუფლება,   პრაქტიკულად, რასაც ეტყვიან – იმის გამხმოვანებლები არიან“.

აქვე გთავაზობთ იმ ადამიანების სიას, რომლებიც 21–ე საუკუნის 10–იანი წლების საქართველოს მხოლოდ ერთ, საჩხერის რაიონში ბოლო რამდენინე თვეში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ:

1. გაბიდაური ნელი - 2 საჯარო სკოლის დირექტორი

2. გოგატიშვილი მალხაზი - არქიტექტორი

3. ზაბახიძე ზაზა - საჩხერის გაზმომარაგების დირექტორი

4. ზაბახიძე ირინა - ინტერნეტ კაფეს თანამშრომელი

5. ივანიშვილი ლევანი - ჭორვილის საჯარო სკოლის მასწავლებელი

6. კაპანაძე თემური - ჭორვილის საჯარო სკოლის სასცავლო ნაწილი

7. კაპანაძე მურმანი - კულტურის სახლის თანამშრომელი

8. კვესაძე თემური - საცურაო აუზის დირექტორი

9. მელაძე მთვარისა - სარეკის საჯარო სკოლის პედაგოგი

10. ნოზაძე ამირანი -1 საჯარო სკოლის დირექტორი

11. ნოზაძე რუსუდანი - მოძვის გამგეობის სპეციალისტი

12. ტყემალაძე ნანა - ჭორვილის საჯარო სკოლის მასწავლებელი

13. შუკაკიძე გურამი - პერევის საჯარო სკოლის დირექტორი

14. შუკაკიძე ნანა - ჭორვილის საჯარო სკოლის მასწავლებელი

15. ჩაჩანიძე თემური - ჯანდაცვის განყოფილება

16. ჯიქურიძე ლევანი - სხვიტორის სკოლის დირექტორი