იტალიელმა ექსპერტმა სტიქიური მოვლენების ზონა დაათვალიერა

იტალიელმა ექსპერტმა სტიქიური მოვლენების ზონა დაათვალიერა

იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტის, ISPRA-ს ხელმძღვანელმა, იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ICL-ის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდიო მარგოტინიმ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად, სხვადასხვა ტერიტორიებზე განვითარებული სტიქიური მოვლენების ზონა დაათვალიერა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კლაუდიო მარგოტინი ქართველ გეოლოგებთან ერთად იმყოფებოდა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ახალდაბის და ბაგების მიმდებარე ტერიტორიებზე. იტალიელმა ექსპერტმა ასევე, დაათვალიერა ვერეს ხეობა.

სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ICL-ის ვიცე-პრეზიდენტი, სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და ლიკვიდაციის პროცესში საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ჩაერთო.

"კლაუდიო მარგოტინი ქართველ კოლეგებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებს და რეკომენდაციებს მისცემს. კლაუდიო მარგოტინი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტ-გეოლოგია გარემოს საშიშროებებისა და რისკების მართვის სფეროში და დედამიწაზე სხვადასხვა დროს მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი და მონაწილეა", - აცხადებენ სამინისტროში.