საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბულგარეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბულგარეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თქმით, ბულგარეთის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან ქვეყნებს შორის საუკუნოვანი მეგობრობა არსებობს.

პატრიარქმა ბულგარეთის პრეზიდენტს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და შეახსენა, რომ რამდენიმე წელია რაც რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია ანექსირებულია და ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

„თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან ქვეყნებს შორის საუკუნეობრივი მეგობრობაა. ამის დასტურია ბულგარეთში, ბაჩკოვოს მონასტრის დაარსება. არაერთხელ ვყოფილვარ ბულგარეთში, ვიცნობ კულტურას, ასევე სასულიერო პირებს. არაერთხელ ყოფილა ბულგარეთის პატრიარქი ჩვენთან. ვიღებდი მონაწილეობას პატრიარქი მაქსიმეს პატრიარქად კურთხევის პროცესში. გვაქვს ძმური ურთიერთობა როგორც ძველ, ისე ახლანდელ პატრიარქთან. ბევრი რამ გვაერთიანებს და ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, როცა ამდენი პრობლემა დგას. ვხვდებით ისეთ პრობლემებს, რომელიც 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. იცით, რომ აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიები ანექსიურებულია დროებით და ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და კარგად ვიცნობ იქაურ ხალხს. ჩვენს შორის არასდროს ყოფილა გაუგებრობა. ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი. ვფიქრობ, რომ ასეთი სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. გისურვებთ კარგად გაეცნოთ ქართველ ხალხს, მათ ცხოვრებას, რაც დასაწყისი იქნება ურთიერთობის, რომელიც დიდხანს გაგრძელდება“, - განაცხადა პატრიარქმა ბულგარეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას.