ჯანდაცვის სამინისტრო სტიქიის ზონებში მომუშავე მოხალისეებს საჭირო რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა იმუშაონ და როგორ დაიცვან თავი ინფექციებისგან.
უწყების ინფორმაციით, უპირველესი, რაც ყველა მოხალისემ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ ხელები ხშირად დაიბანონ სუფთა წყლით და საპნით.
„ეპიდემიის გავრცელების საფრთხე ცხოველების ლეშებთან დაკავშირებით მინიმალურია. მათი მოძიების შემთხვევაში, მიმართეთ სამაშველო სამსახურს. დალიეთ მხოლოდ ბოთლის წყალი. არ გამოიყენოთ საკვებად მალფუჭადი ან დაბინძურებული პროდუქტი. კვების, საპირფარეშოთი სარგებლობისას, სიგარეტის მოწევის წინ და ნებისმიერი დაბინძურების შემთხვევაში, დაიბანეთ ხელები სუფთა წყლითა და საპნით. მუშაობისას სხეული მაქსიმალურად დაიფარეთ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. სითბური და მზის დაკვრის თავიდან აცილების მიზნით ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი და გამოიყენეთ ქუდები და თავსაბურავები. ნუ იმუშავებთ შიშველი ხელებით, გამოიყენეთ სამუშაო ხელთათმანები. მტვრისაგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ნიღბები. გაკაწვრის ან კანის სხვა დაზიანების შემთხვევაში ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის ტეტანუსის, ჩამოიბანეთ ნებისმიერი ჭრილობა საპნით და სუფთა წყლით და მიმართეთ სამედიცინო პუნქტებს“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება მოსახლეობას რჩევებს აძლევს, სად უნდა მიმართონ მათ ტეტანუსის აცრის მისაღებად.
„ტეტანუსის აცრის მისაღებად 24 საათის განმავლობაში მიმართეთ იმუნიზაციის ცენტრს - ქ.თბილისი, ტაშკენტის ქუჩა #10. ნუ შეეჭიდებით ისეთ სამუშაოს, რომელიც აღემატება თქვენს ძალებს, განსაკუთრებით ორსულები და მცირეწლოვანები. დაიცავით ჰიგიენის წესები და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 595956156; 595956151 ან დარეკეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05