ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, სპეცსამსახურის წარმომადგენლებს ფალიაშვილის ქუჩაზე ვეფხვი ჯერჯერობით არ უნახავთ

ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, სპეცსამსახურის წარმომადგენლებს ფალიაშვილის ქუჩაზე ვეფხვი ჯერჯერობით არ უნახავთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, სპეცსამსახურის წარმომადგენლებს ფალიაშვილის ქუჩაზე ვეფხვი ჯერჯერობით არ უნახავთ.

როგორც გიორგობიანმა "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, ვეფხი არ შეუნიშნავს არც ადგილობრივ მოსახლეობას. რაც შეეხება იმ ქალბატონს, რომლის მიერ 112-ზე განხორციელებული შესაბამისი შეტყობინების საფუძველზეც სპეცსამსახურის წარმომადგენლები აღნიშნულ ქუჩაზე გავიდნენ, შსს-ის პრესსამსახურის უფროსის განმარტებით, ამ ეტაპზე მათთან კონტაქტზე არ გასულა.

"ნახევარი საათის წინ შევიდა შეტყობინება 112-ში, რომ რომელიღაც მოქალაქემ დაინახა ვეფხვი. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე გასულები არიან ფალიაშვილის ქუჩაზე და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, თუმცა ჯერჯერობით ის თვითმხილველი, ვინც მტაცებელი დაინახა, კონტაქტზე არ გამოსულა. ამ ეტაპზე ვეფხვი არ უნახავთ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს, ის არც ადგილობრივ მოსახლეობას დაუნახავს", - განაცხადა გიორგობიანმა.

რაც შეეხება კოსტავას გამზირზე, ლაგუნა ვერესთან დღეს მომხდარ შემთხვევას, როცა ალბინოსმა ვეფხვმა ერთი მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, მისი მტკიცებით, აღნიშნული ტერიტორია შესაბამისი სამსახურების მიერ შემოწმებული იყო.

"სტიქიის დღიდანვე, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცენ, შესაბამისი სამსახურები მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც შესაძლოა ყოფილიყვნენ ცხოველები, აწარმოებენ მონიტორინგს და მიუხედავად იმ განცხადებისა, რომ მტაცებლები გარეთ უკვე აღარ იყვნენ, ჩვენს სამსახურებს ქალაქში კონტროლი არ შეუჩერებიათ. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ შემთხვევას, ის იყო სამწუხარო, თუმცა ეს ტერიტორია სპეცსამსახურების მიერ არაერთხელ იქნა შემოწმებული. თვითონ შენობას კი, სადაც შემთხვევა მოხდა, გისოსები ედო, ის იყო ჩაკეტილი. სწორედ ახლა მუშაობენ შესაბამისი სამსახურები იმის დასადგენად, საიდან მოხვდა ცხოველი შენობაში", - აღნიშნა შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.