პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებებს მოუწოდა, ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ დაეყრდნონ, ხოლო პროკურატურას დღეს მომხდარი ფაქტის გამოძიება დაავალა.
"მე მინდა დაგავალოთ ყველას, რომ არ დაეყრდნოთ ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. თავად გადაამოწმეთ. მიდით ზოოპარკში, გააგზავნეთ ჯგუფები. დარწმუნდით, რამდენი ცხოველი არის დარჩენილი ზოოპარკში, რამდენი არის გარეთ. სანამ არ აღმოაჩენთ ცხოველების გვამებს, მანამდე არ გაავრცელოთ ინფორმაცია და მოსახლეობას გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო თათბირზე, რომელსაც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ესწრებოდნენ.
პრემიერმა ასევე მოუწოდა მთავარ პროკურორს, დაიწყოს საქმის გამოძიება და სამართლებრივი შეფასება განახორციელონ. "მე მინდა, დადგინდეს ობიექტური სიმართლე, რომ ნებისმიერი სპეკულაცია და ნებისმიერი შეკითხვა გამორიცხოს", - დასძინა პრემიერმა.