ბულგარეთის პრეზიდენტი - რუსეთი ცდილობს, შექმნას გაყინული კონფლიქტები, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და აგრესიულად იქცევა

ბულგარეთის პრეზიდენტი - რუსეთი ცდილობს, შექმნას გაყინული კონფლიქტები, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და აგრესიულად იქცევა

ბულგარეთის პრეზიდენტის როსენ პლევნელიევის შეფასებით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობის გაუარესებას დიდი ხნის პირი უჩანს.

ამის შესახებ პლევნელიევმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და იმ ახალ თამაშის წესებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონის ქვეყნებმა დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად უნდა განახორციელონ.

"უკრაინის კრიზისმა მთლიანად შეცვალა თამაშის წესები, მთელს ევროპაში. რუსეთი ცდილობს, შექმნას გაყინული კონფლიქტები, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და აგრესიულად და უკანონოდ იქცევა, როდესაც სხვა ქვეყნების ანექსიას ახორციელებს. უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაცია გაუარესდა შავი ზღვის მთელ რეგიონში. რამდენიმე გაყინული კონფლიქტი, რომელსაც ჩვენ იქ ვხედავთ, პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ეს არის მდგრადი სტრატეგია რუსეთისა, რომელმაც შეგნებულად მოახდინა გაყინული კონფლიქტების შექმნა. მათთვის ეს არის გზა დესტაბილიზაციისა, იმისათვის, რომ ქვეყანა დაიმორჩილოს და მასზე დამოკიდებული გახადოს. ეკონომიკური მომავალიც ამ შემთხვევაში ქრება. ამიტომ ჩვენ ძალიან ძლიერად ვეწინააღმდეგებით გაყინული კონფლიქტების შექმნის სტრატეგიას, ძლიერად ვეწინააღმდეგებით ამგვარი ნაციონალისტური ქცევის გამოვლინებებს. სამწუხაროდ, ამ მხრივ სიტუაცია გაუარესდა და როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ხნის პირი უჩანს ამ მდგომარეობას და უნდა ვიყოთ მზად, დავისახოთ მნიშვნელოვანი ამოცანები თანამშრომლობის, ერთად დგომის, მოვალეობების განაწილების. ახლა უნდა იყოს ჩვენი ახალი თამაში, რომლითაც უნდა დავუპირისპირდეთ მდგომარეობას და დესტაბილიზაციის მცდელობას", - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ბულგარეთი არის მამოძრავებელი ძრავი ამ შემთხვევაში, რომელიც გაზრდის ვაჭრობას, მოახდენს კავშირების მოდერნიზებას, ააგებს გაზის გამტარ მილებს, ნავსადგურებს.

"ჩვენ გვჯერა თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივებისა და მშვიდობის. ჩვენ გვჯერა იმ არჩევნის, რომელსაც თითოეული ერი აკეთებს თავისი საკუთარი მომავლის გადაწყვეტისათვის", - განაცხადა როსენ პლევნელიევმა.