"არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის გარეთ აღარ არის" - ზურაბ გურიელიძემ ორი დღის წინ მოსახლეობა დაამშვიდა

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე "ინფო 9"-სთან საუბარში ირწმუნებოდა, რომ სტიქიის დროს ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები, ქალაქის ქუჩებში აღარ იყვნენ და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრებოდა

გურიელიძე აცხადებდა, რომ ზოოპარკის ტერიტორიაზე დამხრჩვალი და გადარჩენილი ცხოველების აღწერა თითქმის დასრულებული იყო.

„არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის გარეთ აღარ არის და ქალაქში არ დადის. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და არც აქამდე ემუქრებოდა. ის ფოტოები და ინფორმაციები, რაც ცხოველების ქალაქში ყოფნასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, ძირითადად ფოტომონტაჟი და არასწორი იყო“, - აღნიშნავდა გურიელიძე.

განცხადება იმის შესახებ, რომ არც ერთი მტაცებელი ზოოპარკის გარეთ აღარ იყო დარჩენილი, ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდობით, პრემიერ-მინისტრმა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმაც გააკეთეს.

შეგახსენებთ, დღეს "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე საწარმოში სამი დღის განმავლობაში დამალულმა თეთრმა ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. ვეფხვის ლიკვიდირება სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ მალევე მოხდა.