საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში სპეციალური ანგარიში გაიხსნა

საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში სპეციალური ანგარიში გაიხსნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილება გააცნო.

საგარეო საქმეთა სამინისტროში თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიღებულ თანადგომას გამოეხმაურნენ.

გადაწყვეტილების თანახმად საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში სპეციალური ანგარიში გაიხსნა, საიდანაც დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ დამატებითი გადასახადების გარეშე სურვილის შემთხვევაში ფინანსურად დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულებს. 

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. თავდაპირველად მინდა მოგახსენოთ იმ უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერისა და სოლიდარობის შესახებ, რასაც ვიღებთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოებისგან. საგარეო საქმეთა სამინისტროში არ წყდება თანადგომისა და მხარდაჭერის წერილების შემოსვლა. აგზავნიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პირები - პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, ცალკეული პოლიტიკოსები. საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები, ჩვენი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები ასევე იღებენ მხარდაჭერისა და თანადგომის ზარებს. შემიძლია გაგაცნოთ ის წერილები, რომელიც ამ დროისთვის არის შემოსული. ესენია აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ესტონეთის პრეზიდენტი, ბელარუსის პრეზიდენტი, ბელარუსის პარლამენტი, თურქეთის პრეზიდენტი, ლიტვის პრეზიდენტი, პოლონეთის პრეზიდენტი, სომხეთის პრეზიდენტი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტი, ყაზახეთის პრეზიდენტი, ლატვიის პრემიერ-მინისტრი, საუდის არაბეთის პრინცი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირი, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, კრიზისის მართვისა და ჰუმანიტარულ საკითებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდასი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაცია, დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრაზილიის მთავრობის სამძიმარი, ჩინეთის მთავრობა, ირლანდიის მთავრობა, თბილისის სტიქიას ეხმაურებიან ამერიკელი კონგრესმენები, ასევე გერმანიის მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს საქართველოს. ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოები უთანაგრძნობენ და სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას. ასევე გამოხატავენ მზადყოფნას დაგვეხმარონ ამ მძიმე ჟამს. მინდა საგრეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის, ასვე მოსახლეობის სახელით მადლობა გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას ამ მხარდაჭერისთვის", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

მისივე თქმით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

"ჩვენ მუდმივად ვაწვდით მათ ინფორმაციას იმ საჭიროებების შესახებ, რაც აუცილებელია სტიქიის შედეგების ღმოსაფხვრელად, და ისინი რა თქმა უნდა ადგილსამყოფელ ქვეყნებში მუშაობენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სხვადასხვა ფონდებთან, არასამთავრობო სექტორთან და ინდივიდუალურ პირებთან, რომ შეძლებისდაგვარად მოხდეს დახმარების მობილიზება", - განაცხადა კერესელიძემ.

მისი თქმით, ძალზედ აქტიურობს ქართული დიასპორა საზღვარგარეთ, რომელთაც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება სურთ.

"ამ მიზნით ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ უცხოეთში მცხოვრები  საქართველოს მოქალაქეებისთვის ადვილი იყოს ფინანსური დახმარების განხორციელება, საქართველოს საელჩოებში გაიხსნება სპეციალური ანგარიშები. თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა სახაზინო ანგარიში, სადაც შესაძლებელია თანხების ჩარიცხვა. თუმცა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სავალუტო ტრანზაქციის საფასური საკმაოდ მაღალია, შესაბამისად ჩვენს თანამემამულეებს იმისათვის, რომ თავიდან ავარიდოთ გარკვეული ბიუროკრატიული გართულებები, ვთავაზობთ ამ მოქნილ მექანიზმს. ინფორმაცია საელჩოებში გახსნილი ანგარიშების თაობაზე განთავსდება სამინისტროს, ასევე საელჩოების ვებ-გვერდზე და ასევე თანამემამულეებს ინფორმაციის მიღება შეეძლებათ საელჩოების ცხელი ხაზის მეშვეობით. საელჩოები არიან მუდმივ კოორდინაციაში დიასპორის ორგანიზაციებთან. მათ აქვთ მითითება, რომ შეხვდნენ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია და მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ  რათა მათ შეძლონ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროცესებში საკუთარი წვლილის შეტანა. ასევე მოგეხსენებათ, რომ უცხოეთში, საქართველოს მეგობრები გამოდიან  სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვის ინიციატივით, რაც ასევე მოემსახურება სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას. მინდა დიდი, მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის", - განაცხადა კერესელიძემ.