ბოლოს და ბოლოს უნდა ვისწავლოთ და მოვუსმინოთ იმ ხალხს, ვისაც საკითხი ესმის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "ლევილში" , სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მონახილებისას განაცხადა.
ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, თბილისში ორი დღის წინ მომხდარი ტრაგედია ყველასთვის გაკვეთილი უნდა იყოს.
"რაღაც სერიოზული შეცდომებია დაშვებული, რომელმაც ამასთან მიგვიყვანა. საბოლოოდ, ეს არის ჩვენთვის გაკვეთილი. არ შეიძლება, ადიდდეს ერთი ხევი და 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპოს, რამდენიმე ათეული კი უგზო-უკვლოდ დაიკარგოს. მსგავსი საკითხები ბოლოს და ბოლოს უნდა გადავაწყვეტინოთ პროფესიონალებს და არა პოლიტიკოსებს. მე არ უნდა ვთქვა, "ეს აქ აშენდეს ან არ აშენდეს". ბოლოს და ბოლოს უნდა ვისწავლოთ, რომ მოვუსმინოთ იმ ხალხს, ვინც ამაში სადოქტორო დაიცვა, იმუშავა, ესმის ეს საკითხი. ნამდვილად აღარ შეიძლება ასე სტიქიურად ცხოვრება – სადღაც ვიღაცამ მოინდომა და ააშენა, არ მოინდომა და არ ააშენა. ამდენი ადამიანის დაკარგვა ის გაკვეთილია, რომლითაც ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდე, რომ შეეკითხო იმ ხალხს, ვისაც ესმის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკოსების საქმე ახლა ის არის, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულები არ დარჩნენ ქუჩაში.
"პოლიტიკოსების საქმე ახლა არის ის, რომ თქვენ არ იყოთ ქუჩაში. მერე ვიფიქროთ, რანაირად გადავწყვიტოთ ეს პრობლემები, მაგრამ რაც შეეხება სად უნდა მოხდეს მშენებლობა და სად არა, ბოლოს და ბოლოს ეს უნდა გადაწყვიტოს იმ ხალხმა, ვისაც ეს ესმის", - მიმართა მარგველაშვილმა სასტუმროში მყოფებს.
სასტუმრო "ლევილში" 16 ოჯახი – დაახლოებით 60 ადამიანია განთავსებული. მათ ხარჯებს პრეზიდენტი საკუთარი სარეზერვო ფონდიდან ფარავს. "ლევილში" გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის წარმომადგებლებთან ერთად იმყოფებოდა.