სვანეთის საგანძურზე საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიდა

სვანეთის საგანძურზე საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიდა

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებსა და სიწმინდეებთან დაკავშირებით, რომელიც სახელდახელოდ შეკრული კონტეინერებიდან 2011 წლის 2 დეკემბერს გადაიტანეს მესტიის მუსიკალური სკოლის ნესტიან, ნაპრალებიან და დამეწყრილ შენობაში, მე, ნინო მიქიაშვილმა, როგორც ინტერნეტგამოცემა presage.tv-სა და მედია-კავშირ “ობიექტივის“ კორესპონდენტმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე. ჩემს უფლებებს სასამართლოში ადვოკატი მამუკა ნოზაძე დაიცავს.

ვითხოვ საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურის 2011 წლის 9 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ეროვნულ მუზეუმს დაავალოს ქმედების განხორციელება - კერძოდ, ჩემს მიერ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებთან დაკავშირებით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა.

კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა, ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე და მიხეილ სააკაშვილი სულ ახლახანს, ცენტრალური ტელეარხების საშუალებით ირწმუნებოდნენ, რომ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულ საქართველოს საგანძურს პრობლემები, არც ე.წ. კონტეინერებში ყოფნისას შექმნია და რომ ამჟამადაც შესანიშნავ პირობებშია შენახული.

თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რატომ მალავენ ინფორმაციას, რომელიც საჯაროა და საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს?! ჩემი ადმინისტრაციული საჩივარი უპასუხოდ დატოვეს და სწორედ ამიტომ სასამართლოს  მივმართე. ამ საქმეს ჩემი უფლებების დამცველ ადვოკატთან, მამუკა ნოზაძესთან ერთად ბოლომდე მივყვები და თუ ქართული სასამართლო ჩემს სამართლიან მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და სრულყოფილ ვერ მივიღებ საჯარო ინფორმაციას საგანძურთან დაკავშირებით, საჩივარს ევროპულ სასამართლოში გავგზავნით.

ეროვნულ მუზეუმს ორჯერ - 2011 წლის 30 ნოემბერს  და ამავე წლის 6 დეკემბერს მივმართე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 40 მუხლების თანახმად, გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებთან და სიწმინდეებთან დაკავშირებით.

ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურმა 9 დეკემბერს არასრულყოფილი პასუხი გამცა, რომლის ბოლოს აღნიშნულია - “როგორც თქვენს მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან ირკვევა, ა.წ. 18 ნოემბერს სვანეთში დაცული საგანძურის გადასარჩენად შექმნილმა საზოგადოების ჯგუფის წევრებმა და პირადად თქვენ მიმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას N13/51402 წერილით გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი დღეიდან პასუხს გასცემს მხოლოდ გამოძიების პროცესში დასმულ შეკითხვებს“.

პროკურატურაში შეტანილ საჩივარს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან საერთო, რომ არაფერი აქვს, ეს ორჯერ ორი ოთხია და ამიტომ, ამ სტატიაში შესაბამისი იურიდიული განმარტების გაკეთება ზედმეტად მიმაჩნია.

სხვათა შორის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 18 ნოემბერს შეტანილი საჩივარი სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს, როლანდ ახალაიას 30 ნოემბერს გადაუგზავნა და იქიდან მოყოლებული დღემდე, საჩივარზე ხელმომწერებს (შოთა გლურჯიძე, სოსო მანჯავიძე, თეა წულუკიანი, დავით ლილუაშვილი, მანანა კვაჭაძე, მაია ბარნაველი, მირონ ფირცხელანი, თამარ იმნაძე, ლია სიხარულიძე, არჩილ ლეკიშვილი, ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, ნინო მიქიაშვილი) გამომძიებელი არ შეხმიანებია. ანუ ჩვენ არ ვიცით რა ეტაპზეა ეს საქმე.

სასამართლოში შეტანილი სარჩელის წინა ისტორიას მივუბრუნდები და გიამბობთ 2011 წლის 15 დეკემბერს ადმინისტრაციული საჩივრით რატომ მივმართე  კულტურის მინისტრს, ნიკა რურუას - 2004 წლის 30 დეკემბრით დათარიღებული, პრეზიდენტის მიერ გამოცემული N626 ბრძანებულების მიხედვით, კულტურის სამინისტრო ახორციელებს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლს. სწორედ ამიტომ, ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციების სამსახურიდან მიღებული წერილი გავასაჩივრე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, მაგრამ ჩემი საჩივარი სამინისტროდან მუზეუმში გადააგზავნეს.

კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ყიფიანმა 2011 წლის 23 დეკემბრით დათარიღებულ წერილში მომწერა - “გაცნობებთ რომ საქართველოს ზოგადო ადმინისტრაციული კოდექსის მე-80-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თქვენს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლები გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს“.

ვინაიდან ჩემი ადმინისტრაციული საჩივარი რეაგირების გარშე დარჩა, 2012 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანე.

კითხვებს, რომლებზეც ეროვნული მუზეუმისგან პასუხის გაცემას ვითხოვ, სურვილის შემთხვევაში, ინტერნეტის საშუალებით ჩემს მიერ მომზადებულ და გამოქვეყნებულ ამ ორ მასალაში შეგიძლიათ გაეცნოთ - სვანეთის საგანძურზე ეროვნული მუზეუმისგან საჯარო ინფორმაციას ველოდებით; სვანეთის საგანძურის გადატანის შესახებ ინტერვიუზე ეროვნულმა მუზეუმმა უარი თქვა.