ირმა ინაშვილი: “გურამ საღარაძემ ტანსაცმელი მოგვიტანა, გია ვოლსკიმ პალტო შემოგვწირა“

ირმა ინაშვილი: “გურამ საღარაძემ ტანსაცმელი მოგვიტანა, გია ვოლსკიმ პალტო შემოგვწირა“

მედია-კავშირ “ობიექტივის“ ოფისში, ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე, კინოს სახლში, მეორე სართულზე 11 თებერვალს გახსნილ უსახლკაროთა თავშესაფარზე ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ირმა ინაშვილს ვესაუბრე.

რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენს მიერ 11 თებერვალს “ობიექტივის“ ოფისში უსახლკაროებისთვის თავშესაფრის გახსნის გამოცხადებას?

ირმა ინაშვილი: ამ იდეის გახმაურება სპონტანურად მოხდა - “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემის მსვლელობისას, რადგან იმ დღეს ცნობილი გახდა 45 წლის მამაკაცის გაყინვის შესახებ და ამ ტრაგედიაზე არავინ რეაგირებდა: არც საზოგადოება, არც პოლიტიკური სპექტრი, არც ხელისუფლება და არც ჩვენი კოლეგები, რომლებიც ამ შემზარავი ფაქტის ირგვლივ ინფორმაციას უბრალოდ, სიუჟეტების დონეზე ავრცელებდნენ.

11 თებერვალს ამ იდეის გახმაურებას იმ წუთასვე მოჰყვა მსმენელებისა და მაყურებლების სატელეფონო ზარები. მეორე სართული შეძლებისდაგვარად მოვაწყვეთ. პირველ ეტაპზე შაქარი, ჩაი და ლიმონი შევიძინეთ, ხოლო შემდეგ უკვე, როცა ამავე თემაზე გადაცემები ეთერში გავიდა, ამას მოჰყვა საზოგადოების ქმედითი თანადგომა.

დღეში დაახლოებით 50 ადამიანი მოდის - ისინი თბებიან, იკვებებიან, იმოსებიან, შემდეგ მიდიან ეკლესიებთან და მოწყალებას ითხოვენ. ზოგი მიდის და სადღაც მუშაობს. ამ სამუშაოს საფასური დღეში ერთი ლარიდან ხუთ ლარამდეა. ეს ადამიანები ღამეს სპეციალურ ადგილებში ათენებენ. ისან-სამგორის რაიონში არის რაღაც მაფია - ისინი სარდაფებს აქირავებენ, 5 ლარს თუ გადაიხდი, დაწვები და დაიძინებ, ხოლო თუ გინდა, რომ ღამე იმ სარდაფში იჯდე, ეს ლარნახევარი ღირს.

გაუსაძლისი ყინვების დროს, ამ ადამიანების დიდი ნაწილი დღე ტაძრებთან იჯდა და მოწყალებას ითხოვდა, შემდეგ მიდიოდა და ამ თანხას სარდაფში ღამის გათენებაში, ან უბრალოდ, იქ ჯდომაში იხდიდა. ამიტომ, უამრავი ადამიანი მოგვაწყდა. რა თქმა უნდა, ისინი ჩვენ სიხარულით მივიღეთ. ამის პარალელურად ჩვენი თანამემამულეები მოდიოდნენ, რომლებსაც მოჰქონდათ ტანსაცმელი, მედიკამენტები, საკვები. მათ ასევე ფულადი დახმარებაც გაიღეს. ამ კუთხით ემიგრაციაში მყოფი ქართველები ძალიან აქტიურობენ.

სპეციალური ანგარიშიც გაიხსნა უსახლკაროების დასახმარებლად?

-ანგარიში არ გაგვიხსნია, უბრალოდ, ემიგრაციაში მყოფების აქაურ ნათესავებს მოაქვთ თანხა, 10-დან 50 ლარამდე.

რამდენ ლარს შეადგენს ყველაზე მცირე და ყველაზე დიდი თანხა, რაც ამ დღეების განმავლობაში უსახლკაროებისთვის გაიღეს?

-300 დოლარი შემოგვწირა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა, არაჩვეულებრივმა ქალბატონმა გულნარა წიკლაურმა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან ჯერჯერობით ერთადერთმა - ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველომ“ 500 ლარი შემოგვწირა. დღეს 30 ლარი შემოგვწირა ამერიკაში მცხოვრებმა მამუკა მჭედლიშვილმა. მადრიდში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ უსალკაროებისთვის 50 ევრო გაიღო, მაგრამ ვინაობის საჯაროდ გამხელის ნება არ დამრთო. სხვათა შორის, ასე ძალიან ბევრი ადამიანი იქცევა. რომ გამოიდარებს შემომწირველებისთვის ტაძარში სამადლობელი პარაკლისი გვინდა გადავიხადოთ.

“ობიექტივში“ მოდიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ თანხას ტოვებენ, მაგრამ სახელისა და გვარის გახმაურებაზე უარს ამბობენ და ამის მომსწრე თქვენც ხართ. ჩვენს ოფისში დევს ფურცელი, რომელზეც წერია შემომწირველის ვინაობა, კოორდინატები და იმ თანხის ოდენობა, რომლიც უსახლკაროებისთვის გაიღო. ანუ საზოგადოება ეხმარება მისივე ნაწილს, იმას, ვისაც მასზე მეტად უჭირს.

ამ კუთხით შეძლებულები უფრო აქტიურობენ, თუ შეჭირვებულები?

-აქ მოსული ადამიანების 90% თავად გაჭირვებულია. მათ მოაქვთ ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი.

საკვები პროდუქტებიდან რა მოაქვთ?

-მურაბები, ლიმონი, შაქარი, ჩაი. გუშინ ერთი ქვაბი ამოზელილი ლობიო მოგვიტანეს, რომელიც აქ მობრძანებულმა ადამიანებმა მიირთვეს. განსაკუთრებით შემზარავია იმის ნახვა, როცა მცირეწლოვანი, გათოშილი და მშიერი ბავშვები მოჰყვათ. ამ ყინვაში ისინი დღისით დედებთან ერთად ტაძრების წინ სხედან და მოწყალებას ითხოვენ და მთელი დღის მანძილზე 5 ლარზე მეტს ვერ აგროვებენ.

რამდენი ადამიანი ათევს ღამეს “ობიექტივის“ თავშესაფარში?

-ამ ეტაპზე ჩვენთან ღამეს 7 ადამიანი ათევს. მათ შორის არის აფხაზეთის ომის ვეტერანის ნინო ფოფხაძის ოჯახი. ისინი გარეთ დარჩნენ და ჩვენ შევიფარეთ. ასევე აქ ათენებს 27 წლის ბიჭი, რომელსაც მშობლები არ ჰყავს, თავშესაფარი არ აქვს და სამსახურს ვერ შოულობს. თუ ვინმეს საშუალება აქვს, ვთხოვ, დაასაქმოს ეს ახალგაზრდა - ძალიან განათლებული და წესიერი ბიჭია, რომელსაც უბრალოდ, არ უნდა მოწყალების მიღება, მას თავისი შრომით უნდა თავის რჩენა.

ასევე ჩვენ შევიფარეთ ეროვნებით რუსი, უგანათლებულესი მამაკაცი, რომელიც არის ჩვენი კოლეგა - ჟურნალისტი და ასევე პედაგოგი. დღის მანძილზე ის მუშაობს, ღამის გასათევი არ აქვს, მოდის და ჩვენთან იძინებს.

“ობიექტივის“ თავშესაფრის ბინადრები ერთ ოჯახად იქცნენ - ისინი ერთმანეთს უვლიან, სამედიცინო დახმარებას უწევენ, ბუტერბროდებს, ჩაის უმზადებენ, დამხვდურები მოსულებს უმასპინძლდებიან, აცმევენ და ამ ყველაფერს თავად აკეთებენ. რა თქმა უნდა, ორგანიზატორის როლში ამ ყველაფერს ვაკვირდებით, მათ ვეხმარებით, მაგრამ ეს პროცესი თავად მათ მიერაა ორგანიზებული.

შეგეხმიანნენ თუ არა ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები?

-“ობიექტივის“ ინიციატივას ჩვენსავე ეთერში მეორე დღესვე გამოეხმაურა მერიის წარმომადგენელი, გიორგი სანიკიძე. მან განაცხადა, რომ მერიაში საგანგებო თათბირზე შეიკრიბებოდნენ და თავშესაფარს გახსნიდნენ. ეს დაპირება მერიამ მართლაც შეასრულა და თბილისში რამდენიმე თავშესაფარი გაიხსნა.

მერიის პრესცენტრიდან დაგვირეკეს და თავშესაფრების ხელმძღვანელებთან დაგვაკავშირეს. ჩვენსა და მერიას შორის კომუნიკაცია არსებობს. რვა წლის მანძილზე ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ მედიაში დაყენებულ პრობლემას ყურადღება მიაქცია. კეთილ საქმეში შევეჯიბროთ ერთმანეთს, ამას რა სჯობს?!

ჩვენთან ბევრი ცნობილი ადამიანი მოვიდა, რომელთაც უსახლკაროებისთვის მოწყალება გაიღეს - გურამ საღარაძემ ტანსაცმელი მოგვიტანა, გია ვოლსკიმ პალტო შემოგვწირა. აქ ჩვენს ერთ-ერთ ბინადარს სამოსი არ ჰქონდა და დღეს დილით ბატონი გია მოვიდა და ძალიან კარგი პალტო მოიტანა, რომელიც უკვე აცვია “ობიექტივის“ თავშესაფრის ბინადარს. ნინელი ჭანკვეტაძემ და მანანა კობახიძემ 20-20 ლარი გაიღეს. ყველა სტუმარი, რომელიც “ობიექტივში“ მოდის, ამ შეჭირვებული ადამიანებისთვის მოწყალებას იღებს. დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ამ დღეების მანძილზე “ობიექტივში“, არც ერთი შეძლებული ადამიანი არ მოსულა და არც ერთი ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენელი არ შემოგვხმიანებია. ისევ გაჭირვებულები ვეხმარებით გაჭირვებულებს და ამიტომაც ჰქვია ამ პროექტს “გადავარჩინოთ ერთმანეთი“.

სადამდე იქნება გახსნილი“ობიექტივის“ თავშესაფარი?

-ეს არავინ არ იცის. ჩვენ უნდა ვთქვათ ის, რაც ამ ეტაპზე სახეზე გვაქვს. მერიის კოორდინატორები გვიკავშირდებიან და თუ რაიმე პრობლემაა, ან ვინმეს “ობიექტივის“ თავშესაფრიდან მათთან გადასვლა უნდა, გადაჰყავთ.

სხვათა შორის, ძველი თბილისის გამგებელი დავით ავალიანი გვესაუბრა. მე ის “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში მოვიწვიე. ვუთხარი - გადადგით ეს ნაბიჯი, გადალახეთ ეს ბარიერი, მობრძანდით “ობიექტივის“ ეთერში სტუმრად და ისაუბრეთ ამ ყველაფერზე, რადგან თქვენ ვალდებული ხართ ამ ადამიანებს დაეხმაროთ, თქვენ აგირჩიეს ამ ადამიანებმა და ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა დაიცვას საზოგადოების თითოეული წევრი. დავით ავალიანი დამპირდა, რომ “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აუცილებლად მოვა. ვიმოდოვნებ, რომ ის ამ დანაპირებს შეასრულებს.