თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით 16 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში მე, ნინო მიქიაშვილმა, როგორც მედია-კავშირ “ობიექტივისა“ და ინტერნეტგამოცემა presage.tv-ს კორესპონდენტმა, ადმინისტრაციული საჩივარი შევიტანე, ქმედების განხორციელებისა და პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე.
გასაჩივრების საფუძველი გახდა 14 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული წერილი, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელიც ითვალისწინებს თურქეთის საქართველოში ოშკისა და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენებას და ახალციხის რაბათის კომპლექსში (სადაც ახლა სახელმწიფო მუზეუმია) “აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციაში თურქული მხარის ჩართვას, გასაიდუმლოებულია.
ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის სახელზე ჩავაბარე, ასეთი შინაარსისაა:
“2011 წლის 30 იანვარს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადებით (დანართი 1) მივმართე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 40 მუხლების თანახმად, გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია, თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.
აღნიშნულ განცხადებაზე 2012 წლის 14 თებერვალს მიპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, ირაკლი ქოიავამ (დანართი 2), რომლითაც ფაქტიურად უარი მეთქვა საჯარო ინფორმაციაზე, რადგან ჩემს კითხვებზე სრულყოფილი პასუხი ვერ მივიღე.
“... საერთაშორისო ხელშეკრულების შინაარსი მის ოფიციალურად გაფორმებამდე არ ექვემდებარება გასაჯაროებას. “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის “ა“ ქვეპუნქტისა და “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 4.1 და 4.1.1 პუქტებიდან გამომდინარე. ამასთანავე გაცნობებთ, რომ “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება შესაძლებელია მისი ძალაში შესვლის შემდეგ“, - აღნიშნულია ირაკლი ქოიავას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42 მუხლის (“ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია“) “ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია იმ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა, რომელიც 2012 წლის 30 იანვრის განცხადებით გამოვითხოვე, რადგან თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლის შესახებ საზოგადოება დიდ ინტერესს ავლენს, არ წარმოადგენს, არც სახელმწიფო, არც კომერციულ, არც პირად საიდუმლოებას და მისი გამჟღავნებით ზიანი, არც საზოგადოებას მიადგება და არც ქვეყანას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 28-ე და 37-ე მუხლების მიხედვით, ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ, ან პირად საიდუმლოებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა შემიზღუდა სრულყოფილი საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება, რისი მიღების უფლებაც გარანტირებული მაქვს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით, რის გაცემასაც ავალდებულედა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 28-ე და 37-ე მუხლები.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან 14 თებერვალს მიღებული წერილის თანახმად, საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ოქმი და მისი პირობები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-ე მუხლის მე-3-ე “ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაშინ, როცა ამ ქვეპუნქტის დებულება ეხება იმ ინფორმაციას, რომელიც საგარეო ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება, ეხება საგარეო პოლიტიკასა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს და მათი წინასწარი გამჟღავნება ზიანს მოუტანს სახელმწიფო ინტერესებს.
რადგან ჩემს მიერ 2012 წლის 30 იანვარს გამოთხოვილი ინფორმაცია ეხება ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და ამავდროულად, წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს არ უნდა დაემალა საჯარო ინფორმაცია და აპელირება არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს კანონით “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ და “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით, ვინაიდან მითითებულ კანონებზე მაღლა დგას საქართველოს კონსტიტუცია.
სახეზეა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რაც გამოიხატა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაცის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტისა და 178-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ზემდგომ პირს, ადმინისტრაციული საჩივრის გადასაწყვეტად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 198-ე და 199-ე მუხლების შესაბამისად, გთხოვთ, ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოთ ზეპირი მოსმენის სხდომაზე და მიიღოთ შემდეგი გადაწყვეტილებები:
1.საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დაევალოს ჩემს მიერ 2012 წლის 30 იანვრის განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემა;
2.საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა, მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო“.
ადმინისტრაციული საჩივარი 16 თებერვლიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა განიხილონ. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩემს ადმინისტრაციულ საჩივარს რეაგირების გარეშე არ დატოვებს და განხილვის დღეს დანიშნავს, ჩემს უფლებებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე დაიცავს.