გია გვიჩიანი შესაძლოა, შეწყალებულთა სიაში მოხვდეს

გია გვიჩიანი შესაძლოა, შეწყალებულთა სიაში მოხვდეს

"თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებული გია გვიჩიანი შესაძლოა, შეწყალებულთა სიაში მოხვდეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გვიჩიანის საქმე შეწყალების კომისიის სხდომაზე განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია გასცეს. თუმცა, კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ პერსონალური ინფორმაციას მხოლოდ ოჯახის წევრებზე გასცემს.

ამასთან, როგორც ქორიძემ აღნიშნა, შეწყალების კომისია ამჟამად 633 საქმეს განიხილავს. კომისიის სხდომები 1 ივნისიდან მიმდინარეობს.

როდის და რამდენი პატიმრის შესახებ გამოსცემს პრეზიდენტი შეწყალების აქტს და იქნება თუ არა მათ შორის გია გვიჩიანი, ჯერ უცნობია.

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ საქართველოს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელიც ლომინაძის საქმეზე დოკუმენტური ფილმის გადაღებისას გამოვლინდა.

კომახიძე წერილში წერს, რომ გია გვიჩიანის ბრალეულობა მხოლოდ ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუდასტურებელ ჩვენებებს ეფუძნება, ხოლო განაჩენი ეყრდნობა მოსამართლის ვარაუდებს და არა უტყუარ მტკიცებულებებს.

"სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული. ძალიან ხშირად საკმაოდ რთულია სიმართლის დადგენა. ჩვენმა მართლმსაჯულების სისტემამ წლების განმავლობაში ისეთი მასშტაბის თავნებობები დაუშვა, რომ ბევრ სისხლის სამართლის საქმეს მოესპო ობიექტური შეფასების პერსპექტივა.

გია გვიჩიანის საქმე ამის ერთ-ერთი გამოკვეთილი ნიმუშია. მე რამდენიმე ავტორიტეტული იურისტის დახმარებით შევისწავლე ეს საქმე და მოვამზადე საგამოძიებო ფილმი. ჩემი ღრმა რწმენით, გია გვიჩიანის ბრალეულობა მხოლოდ ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუდასტურებელ ჩვენებებს ეფუძნება; უფრო მეტიც განაჩენი ეყრდნობა მოსამართლის ვარაუდებს და არა უტყუარ მტკიცებულებებს, რის გამოც, თავს ვალდებულად მივიჩნევ, მოგმართოთ გია გვიჩიანის შეწყალების თხოვნით.

ბატონო პრეზიდენტო, ის გარემოება, რომ გამოძიების მიერ დაშვებული შეცდომების გამო, თითქმის უპერსპექტივო გახდა ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმის გახსნა, საკმარისი საფუძველი არ უნდა იყოს იმისთვის, რომ ადამიანი სასჯელს იხდიდეს ვარაუდებზე დაფუძნებული განაჩენით. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, საქართველოში აუცილებლად დამკვიდრდება სამართლიანობის მაღალი სტანდარტი და გვიჩიანის საქმე ჩვენი თაობის სირცხვილად დარჩება. პრეზიდენტის ინსტიტუტი ამ სირცხვილს ვერ ჩამორეცხავს ქართულ სასამართლოს, მაგრამ უდაოდ შეუძლია, ღირსების დემონსტრირება სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანის შეწყალებით",-ნათქვამია წერილში.

"თელასის" ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს ბახტრიონის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. საქმეზე პასუხისგებაში მიეცნენ "თელასის" ფინანსური მენეჯერი გიორგი გვიჩიანი, როგორც მკვლელობის შემკვეთი, ასევე, ნოდარ გვიჩიანი - შუამავალი შემკვეთს და მკვლელობის შემსრულებლებს შორის და ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერხელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი, როგორც მკვლელობის უშუალო შემსრულებლები. გია გვიჩიანს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 2014 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მას უვადო პატიმრობა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. სასჯელის ათვლა 2006 წლის 7 მარტიდან დაიწყო.