ჩვენ მოტივირებული ვართ, კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ მთავრობის საქმიანობა

ჩვენ მოტივირებული ვართ, კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ მთავრობის საქმიანობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მოტივირებულია კიდევ უფრო გააუმჯობესოს და უფრო ეფექტური გახადოს საქმიანობა.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს "ექსპოჯორჯიაში" განუცხადა, სადაც "ღია მმართველობის პარტნიორობის" ევროპის რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველო შეარჩიეს ადგილად, სადაც დღეს ტარდება "ღია მმართველობის პარტნიორობის" ევროპის რეგიონული კონფერენცია.

"ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი. როგორც უკვე აღინიშნა ჩვენ ვართ 29-ე ქვეყანა მთელ მსოფლიოში ღია მმართველობის კუთხით, მთავრობის გამჭვირვალედ მუშაობის კუთხით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობის შექმნის ინიციატივა ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომელმაც 2011 წელს დააფუძნა ეს ინიციატივა. ღარიბაშვილის განცხადებით, მაშინ ამ ორგანიზაციაში 8 წევრი იყო, დღეს კი 65 ქვეყანაა და მათ შორის არის საქართველო.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმ დიდი მიღწევების, ჩვენი გამჭვირვალე პოლიტიკის, გახსნილობის, ჩვენი რეფორმების გამო, გასულ წელს ჩვენ აგვირჩიეს მმართველ კომიტეტში წევრად. ეს არის ძალიან დიდი აღიარება. ასე, რომ შემთხვევით არ არის, რომ დღეს თბილისში იმართება ეს კონფერენცია. ჩვენ ვართ მოტივირებული კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი მთავრობის საქმიანობა. გეტყვით, რომ ეს არის ის, რისკენაც მიისწრაფვის თანამედროვე სამყარო, თანამედროვე ძლიერი ცივილიზებული სახელმწიფოები და ჩვენ მათ შორის ვართ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.