აუცილებელია აქტიურობა, რომ ჩვენი მოქალაქეები გარკვეული იყვნენ რა კანონს იღებს პარლამენტი

აუცილებელია აქტიურობა, რომ ჩვენი მოქალაქეები გარკვეული იყვნენ რა კანონს იღებს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკუთარმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ კანონების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი , წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დამკვიდრდეს რეალურ პრაქტიკაში. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა საგამოფენო ცენტრ "ექსპოჯორჯიაში" მიმდინარე "ღია მმართველობის პარტნიორობის" ევროპის რეგიონული კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მე მინდა გავიხსენო 2000 წელი, როდესაც საქართველოში სამოქალაქო სექტორის ძალიან დიდი მცდელობით მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელსაც ახლდა ძალიან მნიშვნელოვანი თავი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. ეს იყო ჩვენი სახელმწიფო მმართველობის სისტემაში ძალიან სერიოზული გარღვევის დასაწყისი იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო მმართველობა უნდა იყოს ღია, ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვისაც მონდობილი გვაქვს საზოგადოებრივი საქმეების გადაწყვეტა, ყოველ წუთს და ყოველ წამს უნდა ვგრძნობდეთ თავს ანგარიშვალდებულად ჩვენი მოქალაქეების წინაშე და უნდა ვცდილობდეთ არა მხოლოდ მათ ინფორმირებულობას, არამედ მათ ჩართვას მმართველობის პროცესში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, მას ეამაყება, რომ არის იმ ხელისუფლების და იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელმაც ბოლო ხანებში განსაკუთრებულად ეფექტური ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით.

"დღეს ჩვენ შედარებით ახალგაზრდა სახელმწიფო, ახალგაზრდა დემოკრატია ვიმყოფებით მოწინავე სახელმწიფოების გვერდით, ამ ინიციატივის ახალ საფეხურზე აყვანაში. რა თქმა უნდა, პარლამენტის გამჭვირვალობა დღეს თითქოს მოცემულობაა, ამას თითქოს დამატებით არ სჭირდება რაიმე ახალი ატრიბუტიკა, რომ პარლამენტი თავისი არსით და მოცემულობით არის ღიაობა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თანამედროვე პირობებში არ არის საკმარისი მაგალითად პარლამენტის სხდომების ღიად ტრანსლირება, ან თუნდაც ყველა საკომიტეტო შეხვედრის ღიაობა და მისი ტელევიზიით გადაცემა. აუცილებელია აქტიურობა და მეტი საქმის კეთება, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ კარგად გარკვეული იმაში, თუ რა კანონს იღებს პარლამენტი, რატომ იღებს მათ, რა ცვლილებას ახდენს ეს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებლობა არის იმის, რომ უშუალოდ დემოკრატიის ფორმები მეტად იყოს გამოყენებული ყოველდღიურ მმართველობაში და მოქალაქეები მეტად იყვნენ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

"როგორც ჩანს, ჩვენ, 21-ე საუკუნეში ახალი კონცეფციების ჩამოყალიბების აუცილებლობის წინაშე ვიმყოფებით", - დასძინა დავით უსუფაშვილმა.