რამდენიმე ურჩი მინისტრიც გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს

რამდენიმე ურჩი მინისტრიც გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს

რამდენიმე ურჩი მინისტრიც გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" "ღია მმართველობის პარტნიორობის" ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ღია მმართველობის კუთხით ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის შესაფასებლად ჩვენ სპეციალურად შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგისა და ასევე შეფასების მეთოდოლოგია, რომელიც ასევე მზად ვართ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს გავუზიაროთ. მინდა გითხრათ, რომ ღია და გახსნილი ინსტიტუტების რაოდენობა საქართველოში სულ უფრო იზრდება და თუ აქამდე აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების შტოები იყვნენ აქტიური, ბოლო პერიოდში მათ შეუერთდა სასამართლო ხელისუფლება. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, რომელმაც ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან აქტიურად დაიწყო. სასამართლო ხელისუფლების ჩართულობა ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში არის საკმაოდ იშვიათი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციითა და სამოქმედო გეგმის თანახმად, სასამართლო ხელისუფლებამ აიღო ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორიცაა საზოგადოების ინფორმირება სასამართლოების მიერ ქვეყანაში ტრანსფარენტული მმართველობის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების, მათ შორის, ცალკეული სტატისტიკური მონაცემების შესახებ.

"კერძოდ, ფარული მიყურადების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის და ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 17 დეკემბერს მსოფლიო სამოქალაქო საზოგადოების 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა სარეკომენდაციო წერილით მიმართა "ღია მმართველობის პარტნიორობის" წევრ ქვეყნებს და სწორედ ამ მიმართვას გამოეხმაურნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, რაც ასევე უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერის გეგმის ერთ-ერთ ვალდებულებად იქცა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული კონფერენცია ემსახურება ღია მმართველობის სტრატეგიით განსაზღვრულ მიზანს - ეს არის ერთმანეთის გამოცდილების განხილვა და გაზიარება.

"მიხარია, რომ "ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივას მმართველი კომიტეტის ორ წევრ ქვეყანას - საქართველოს და საფრანგეთს შორის ოფიციალურად გაიცვლება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესახებ თანამშრომლობის წერილები და ჩვენ როგორც ამ ფორუმის მასპინძლები, მზად ვართ, მაქსიმალირად ხელი შევუწყოთ ღია მმართველობის პორცესებში ჩართულ პირებს იმსჯელონ, გამოკვეთონ პრობლემები, მათგან მოვისმინოთ რეკომენდაციები და დავსახოთ მათი ერთობლივად გადაჭრის გზები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრმა, მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩაერთონ ნებისმიერ ღონისძიებაში, რომელიც გამოცდილების გაზიარებას ემსახურება და ღია მმართველობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"მე საიმაყით გეტყვით, რომ ჩემი კაბინეტის წევრები არიან აბსოლუტურად მოტივირებულები, რომ ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი გააკეთონ. ჩვენ სისტემატიურად ვმართვათ "ღია მმართველობის პარტნიორობის" ფორუმის ფარგლებში საჯარო კონფერენციებს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილად მოვახდინოთ ინფორმირება მედიის წარმომადგენლების, ზოგადად საზოგადოების, მეტი იყო მოქალაქეების ჩართულობა. გეტყვით, რომ რამდენიმე ურჩი მინისტრიც გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც დავარწმუნებთ, რომ ეს ინფორმაციაც გასცენ. რა თქმა უნდა, იდეალური არ არის. ჩვენ ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ მოქალაქეებთან ურთიერთობის ფორმები, - განაცხადა ღარიბაშვილმა.