მიხეილ სააკაშვილი - მეორედ ხალხი თავს არ მოატყუებინებს

მიხეილ სააკაშვილი - მეორედ ხალხი თავს არ მოატყუებინებს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 4 წევრის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას "ჩვეულებრივ ამბად" აფასებს. 

როგორც სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, პარტიაში განხლება ყოველთვის მიმდინარეობდა.

"ჩვენი ეროვნული ტრადიციაა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა გვთიშავს – ვახსენებთ ეროზიას, დაშლას, გაქცევ-გამოქცევას, ერთი მეორეს მოღალატეს უწოდებს. სინამდვილეში უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რამ შეიძლება გაგვაერთიანოს, ერთად შეგვკარს. საქართველოში აუცილებლად წავა გაერთიანების პროცესი, ეროვნული კონსოლიდაცია და ამის ნიშნებს ვხედავ. რა თქმა უნდა, ზოგი წავა, ზოგი მოვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. მე, რაც ამ საქმეში ვარ, ყოველთვის ვცვლი გუნდს - ნაწილობრივ ვაახლებ, ზოგი თვითონ მიდის, უფრო ბევრად მეტი ყოველთვის მოდის. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, რაღაც უჯრედები ქრება, რაღაც უჯრედები ემატება, თუმცა მთლიანობაში ორგანიზმი იზრდება. ახლა ჩვენ ვართ ზრდის მიმართულებით. რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშებს, რა თქმა უნდა, მთავრობამ შეიძლება ითამაშოს პოლიტიკური თამაშები, შეიძლება ვიღაცა გადაიბიროს, ვიღაც გაწიოს, მაგრამ ქართველ ხალხს ვერავინ ვერასდროს ვეღარ გადაიბირებს. მეორედ ხალხი თავს არ მოატყუებინებს. მე ამაზე ვარ კონცენტრირებული და არა იმაზე, კულისებში ვინ რას თამაშობს", - განაცხადა სააკაშვილმა და გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას გულისხმობს "პოლიტიკურ თამაშებში" და მიიჩნევს თუ არა, რომ 4 წევრის პარტიიდან წასვლა სწორედ მთავრობის მიერ წამოწყებულ პოლიტიკურ თამაშებს უკავშირდება, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამაზე სპეკულირება არ სურს.