"ჩვენს პრიორიტეტად მიხეილ სააკაშვილის, ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა რჩება"

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს სამართლებრივად საკმაოდ გაუჭირდება ექსპრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანოს.

წულუკიანი განმარტავს, რომ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა შეუძლებელია. როგორც იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილთან მიმართებაში საქართველოს სამართლებრივი მექანიზმები შესუსტდა, მთავარ პრიორიტეტად მაინც ექსპრეზიდნეტის ქართული მართლმსაჯულებისთვის წარდგენა რჩება.

„სააკაშვილის მოქალაქეობა ჩვენთვის იყო კავშირი სააკაშვილსა და ქართულ სისხლის სამართლის კოდექსს შორის. რთულდება პროცესი ექსტრადიციის, რადგან უკრაინის კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ იკრძალება უკრაინის მოქალაქის გადაცემა სხვა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ის თავისი ინტერესებით მოქმედებს, ცდილობს მოატყუოს ქართული მართლმსაჯულება. ჩვენთის რთულდება სამართლებრივად უკრაინას მოვთხოვოთ მისი გადმოცემა, რადგან ეს ვეღარ მოხდება. სამართლებრივად საქმე რთულდება, მაგრამ ჩვენს  პრიორიტეტად რჩება მისი წარდგენა ქართული მართლმსაჯულების წინაშე და ჩვენ მუშაობას გავარძელებთ", - განაცხადა წულუკიანმა "იმედის" ეთერში

შეგახსენებთ,რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა და უკრაინისა მოქალაქეობა მიიღო. 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში 4 ბრალდება აქვს წაყენებული. მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევასა და “იმედში” შეჭრაზე. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არკადი პატარაკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების გამო. სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს.