ევროკავშირმა საქართველოს ყოველწლიური დახმარება გაუზარდა

ევროკავშირმა საქართველოს ყოველწლიური დახმარება გაუზარდა

ევროკავშირის წარმომადგენლის გუნარ ვიგანდის განცხადებით საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები ღრმავდება.

როგორც ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, "აღმოსავლეთ პარტნიორობის", ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელმა გუნარ ვიგანდიმ განაცხადა, ევროკავშირმა საქართველოს ყოველწლიური დახმარება, 65 მილიონი ევრო 100 მილიონამდე გაზარდა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ვიგანდიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ძლიერია, რასაც შედეგი მოაქვს.

"განვიხილეთ ის პროგრესი რაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით აქვს. ეს მაისში მომზადებულ ანგარიშშიც აისახა. დღეს განვიხილეთ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ჯერ კიდევ განსახორციელებელია. მისი შესრულება დაგვეხმარება უვიზო რეჟიმის გაჩენაში. გაღრმავებული თანამშრომლობის შედეგია, რომ დღეს საქართველოში "ევროპოლი" იმყოფება, რომელიც საქართველოს პოლიციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, უფრო ინტენსიური თანამშრომლობის მიღწევის მიზნით. ხვალ საქართველო შეუერთდება "ჰორიზონტი 2020"-ის პროგრამას, რომელიც ახალგაზრდული კვლევითი პროგრამაა და მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის. წინა წლების განმავლობაში საქართველოსთვის დახმარება, 65 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც 100 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ასევე შემუშავდა ახალი პროგრამები, საქართველოს სასამართლოსა და იუსტიციის სფეროს დახმარების მიზნით. შევიმუშავეთ დახმარების პროგრამა მცირე მეწარმეებისთვის, რაც მათ ევროპის ბაზარზე თავისუფალ ვაჭრობაში შეუწყობთ ხელს. მესამე პროექტი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. თითოეული ეს პროგრამა დაახლოებით 50 მილიონი ევრო ღირს. ასე რომ ჩვენი ურთიერთობები ძლიერია, რასაც შედეგი მოაქვს", - განაცხადა ვიგანდიმ. 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველ სხდომას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უწყებები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც.