„სკეპტიკოსთა რიცხვი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით სუსტი და მცირე იქნება“

„სკეპტიკოსთა რიცხვი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით სუსტი და მცირე იქნება“

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოs ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

როგორც მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მსოფლიოში იმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე შესაძლოა სხვა ქვეყნებს ჰყავდათ, ამიტომ, მისი თქმით, საქართველომ არ უნდა უსმინოს საუბრებს იმის შესახებ, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ხელმოცარულია.

„ჩვენ უნდა შევხედოთ იმ ვითარებას, რომელშიც ვმოქმედებთ. პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი სერიოზული მოკავშირე, როგორც ევროპული ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ბევრად მეტი, ვიდრე სხვა ქვეყნებს ჰყოლიათ მანამდე, ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ პერსპექტივაზე უნდა დავინახოთ, რომ სკეპტიკოსების გარდა არიან ნათელი მოკავშირეები, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს გზა ევროკავშირსა და ნატო-ში იყოს წარმატებული. ასევე, როდესაც ვუსმენთ რუსი პოლიტიკოსების კომენტარებს რიგის სამიტთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავინახოთ რა რეალობა იყო და რა მიიღო საქართველომ. იმ რესურსებისთვის ფასის დაკარგვა, რაც საქართველომ მიიღო, უკვე იმ იდეოლოგიური თუ პროპაგანდისტული კამათის ნაწილია, რომელზეც დეტალურად ვისაუბრეთ. ეს კითხვის ნიშნები ისმევა იმიტომ, რომ მართლა ჩვენ არ გაგვაჩნია საკმარისი რესურსი ან იმაზე ნაკლები ვიდრე გააჩნდათ ჩვენ პარტნიორებს, მაგრამ პოლიტიკურად და იდეოლოგიურად უნდათ ამ საკითხზე კითხვის ნიშნის დასმა და იმის ჩვენება, თითქოს ჩვენი პერსპექტივა ხელმოცარულია. ჩვენ ყოველწუთიერად ვიმუშავებთ იმ კითხვის ნიშნების გასაქარწყლებლად, რომელიც საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით ისმევა. სკეპტიკოსთა ხმა იქნება ძალიან სუსტი და ძალიან მცირე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.