აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, „ფიფას“ გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ 10 მილიონი დოლარი, ორგანიზაციის ირგვლივ ატეხილი კორუფციული სკანდალის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს გადაურიცხა.
ამის შესახებ „The New York Times“-ს გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.
წყაროს ინფორმაციით, სწორედ ვალკე არის ბლატერთან დაახლოებული ის "მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკი", რომელიც გამოძიების საქმეში ფიგურირებს და რომელმაც 2008 წელს „ფიფას“ ანგარიშიდან მის ერთ-ერთ ფუნქციონერს ჯელ უორნერს 10 მილიონი დოლარი გადაურიცხა.
სავარაუდოა, რომ საქმე ეხება თანხას, რომელიც ქრთამის სახით იქნა გადახდილი და რომელიც დაეხმარა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოეპოვებინა.
როგორც წყარო იტყობინება, გამოძიებას ეჭვმიტანილთა სიაში ჟერომ ვალკე ჯერჯერობით არ შეუყვანია.
როგორც თავად ვალკემ განაცხადა, მას არავითარი კავშირი არ აქვს აღნიშნულ გადარიცხვასთან. სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა დანნი იორდანმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ გადარიცხული 10 მილიონი დოლარი იყო არა ქრთამი, არამედ კარიბის ზღვის აუზის ფეხბურთის ინფრაქტრუქტურის განვითარებაში ჩადებული ფული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27 მაისს შვეიცარიის პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით „ფიფას“ 7 მაღალჩინოსანი დააპატიმრა. ასევე, „ფიფამ“ ნებისმიერ საფეხბურთო საქმიანობას 11 ადამიანი ჩამოაშორა, რომელთა წინააღმდეგაც აშშ-ს საგადასახადო უწყება გამოძიებას აწარმოებს.