კორუფციის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობა, ეს არის ის, რისი მოსმენაც ყველა ოდესელს სურდა, - ეს განცხადება ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას გააკეთა.
უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრისას ლიდერებმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ოდესის განვითარების გზებზე ისაუბრეს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის უკვე გაესაუბრა ოდესელებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის მიზნებს კორუფციასთან ბრძოლისა და ოლიგარქების თვითნებობის დასრულების შესახებ. თავის მხრივ, პეტრო პოროშენკომ შეხვედრისას აღნიშნა, რომ უკრაინის მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას იმედით და ოპტიმიზმით შეხვდა.
"მოსახლეობა უდიდეს მოლოდინებს ამყარებს, უახლოეს მომავალში კონკრეტულ და პრაქტიკულ შედეგებზე; პირველ რიგში ეს კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდება. დერეგულაციის, დებიუროკრატიზაციის, დეოლიგარქიზაციის იდეა - ეს ის არის, რასაც დღეს ოდესა და უკრაინა ელოდება", - აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად გასულ კვირას დანიშნა.