პრეზიდენტის საპარლამენტი მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, აუცილებელია, პრეზიდენტის სახელზე მოტივირებული განაცხადა წარადგინოს.
როგორც კვერენჩხილაძე განმარტავს, აღნიშნული განცხადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულოა.
"იმისთვის რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ საგამონაკლისო წესით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, მან მოტივირებული განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და თან დაურთოს იმ ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქალაქეც არის. შესაბამისად, პირის მოტრივირებული პირადი განცხადება მოქმედი კანონის შესაბამისად სავალდებულოა“, - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.
ამასთან, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი განმარტავს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის არა ჩამორთმევა, არამედ შეწყვეტა ხდება.
„ეს არის ავტომატური საფუძველი, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, იმისთვის რომ პირს ავტომატურ რეჟიმში შეუწყდეს მოქალაქეობა. ავტომატურობა გულსხმობს იმას, რომ პირს ჩამოერთმევა მოქალაქეობა, თუ დადასტურდა, რომ ის უცხო ქვეყნის მოქალაქე გახდა“,- განაცხადა კვერენჩხილაძე.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭოს, კვერენჩხილაძე ალბათობის თეორიაზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ამგვარი განაცხადი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესული არაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა. მიხეილ სააკაშვილს გუბერნატორის პოსტის დაკავების მიზნით უკრაინის მოქალაქეობაც მიენიჭა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეცაა, რომელშიც სხვადასხვა დასავლური ქვეყნების ცნობილი პოლიტიკოსები შედიან.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში 4 ბრალდება აქვს წაყენებული. მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევასა და “იმედში” შეჭრაზე. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არკადი პატარაკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების გამო. სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს.