დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, წარსულში ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების შემოწმებას არ ითვალისწინებს

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, წარსულში ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების შემოწმებას არ ითვალისწინებს

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედება, რომელზეც უზენაესი სასამართლო და მოსამართლეთა კორპუსი სამუშაო შეხვედრებს მართავს, არ ითვალისწინებს მოსამართლეთა მიერ წარსულში ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების შემოწმებას, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გვენეტაძის განმარტებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომებზე. მისი თქმით, აღნიშნული გადაცდომები უნდა დადგინდეს და დაკვალიფიცირდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წინასწარ გამოქვეყნებული კრიტერიუმების შესაბამისად.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მხარეს, ამ შემთხვევაში მოსამართლეს შესაძლებობა ექნება დააყენოს დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხიც, რა შემთხვევაშიც საქმეში ერთვება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ნინო გვენეტაძის განმარტებით, რომ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტთან დაკავშირებით მოსამართლეთა კორპუსის ერთი ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადებები.

"როგორც სასამართლო კორპუსში, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეები ჰყავს, მათ აქვთ თავიანთი არგუმენტები. ჩვენ გვინდა რომ კრიტიკის ფონზე ეს ინსტიტუტი უფრო დავხვეწოთ. მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოების წესში 2013 წლიდან პრობლემები გაჩნდა. კერძოდ, 2013 წლის შემდეგ გახდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოტანის საკითხი აქტუალური. სტატისტიკის მიხედვით 2013 წლის ივნისიდან, როცა ახალი იუსტიციის საბჭო შეიკრიბა, 2015 წლის 1 იანვრამდე სადისციპლინო წარმოების წესით განსახილველად 484 განცხადება, საჩივარი იყო წარმოდგენილი. აქედან 384-ზე მოსამართლეთა მიმართ შეწყდა დისციპლინური დევნა, რაც ნიშნავს რომ არ დადასტურდა გადაცდომა, 22-ზე მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიემართა კერძო სარეკომენდაციო ბარათით, 8 საქმეზე კი, საბჭომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება და ეს საქმეები დარჩა ჰაერში გამოკიდებულად, რაც გამოიწვია იმან, რომ საბჭოში შესაბამისი რაოდენობის ხმები ამ საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად არ შეგროვდა", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნულ პრობლემას აღმოფხვრის დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნა.

"არასწორად იქნა გაგებული დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შესახებ და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია. დამოუკიდებელი ინსპექტორი, მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქოლგის ქვეშ მუშაობს, ის არის საბჭოს ქვემდებარე დამოუკიდებელი პირი, რომელიც არის მაღალი დამოუკიდებლობის გარანტიებით და მაღალი პროფესიული ნიშნით არჩეული. დამოუკიდებელი ინსპექტორი საბჭოს გარეშე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში ამ ინსტიტუტის გაძლიერებით ეფექტური გახდება იუსტიციის საბჭო. მისი ეფექტურობა იქნება პირდაპირი პასუხი საზოგადოების საჩივრებზე და წერილებზე", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი არაერთ ქვეყანაში მუშაობს. რაც შეეხება უშუალოდ დამოუკიდებელი ინსპექტორის კანდიდატს, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ის უნდა იყოს 10- წლიანი გამოცდილებით, მაღალი პროფესიული ნიშნით შერჩეული პირი, რომელსაც იუსტიციის საბჭო 5 წლის ვადით აირჩევს.