"დღეს ბავშვების დღეა რა დროს მიშაა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ საუბარი არ სურს.

როგორც პრემიერმა სოლიდარობის ფონდის მიერ დაფინანსებული ბავშვებისთვის გამართული მიღების შემდეგ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი წარსულია, იქ შეკრებილი ბავშვები კი ქვეყნის მომავალი.

"დღეს ბავშვების დღეა რა დროს მიშაა? მიშა არის წარსული, ეს არის ჩვენი მომავალი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა. მიხეილ სააკაშვილს გუბერნატორის პოსტის დაკავების მიზნით უკრაინის მოქალაქეობაც მიენიჭა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეცაა, რომელშიც სხვადასხვა დასავლური ქვეყნების ცნობილი პოლიტიკოსები შედიან.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში 4 ბრალდება აქვს წაყენებული. მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევასა და “იმედში” შეჭრაზე. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არკადი პატარაკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების გამო. სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს.